დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 7 ნოემბერს იუწყება, რომ სანქციებს უხსნის სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთ დღეში მას მერე, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ოფიციალურად მოუხსნა საერთაშორისო სანქციები ალ-შარაას და სირიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ჰატაბს – რომელიც ლონდონმაც წაშალა სანქციათა ნუსხიდან.
სანქციების მოხსნას ევროკავშირიც აპირებს სირიის ლიდერისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა შარშან, დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
აშ-შარაას უწინ იცნობდნენ ფსევდონიმით მოჰამად ალ-ჯულანი. საერთაშორისო სანქციები მას იმის გამო დაუწესეს, რომ იგი ხელმძღვანელობდა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას, “ჯებჰატ ან-ნუსრას” – რომელსაც შემდგომში “ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი” დაერქვა და რომელსაც უწინ “ალ-ყაიდასთან” ჰქონდა კავშირი.
სანქციები 2014 წელს შემოიღეს. აშშ-მა მაშინ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოც დააწესა ცნობებზე, რომლებიც მოიტანდა ალ-შარას დაპატიმრებას.
“ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამმა” რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა კავშირების გაწყვეტაზე “ალ-ყაიდასთან”. თავად ალ-შარას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ რადიკალურ იდეებს აღარ იზიარებს. დაჯგუფებამ, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა ასადის რეჟიმის დამხობაში. ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ალ-შარამ შეიარაღებული ფორმირებები დაითხოვა და ერთიანი არმიის შექმნის შესახებ გამოვიდა განცხადებით.
ბრიტანეთსა და ევროკავშირს სანქციათა ნაწილი უკვე მოხსნილი აქვთ სირიის ლიდერისთვის და საკუთრივ სირიისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებამ – რომელსაც აშშ-მაც და რუსეთმაც მხარი დაუჭირეს – გზა გაუხსნა დარჩენილი შეზღუდვების გაუქმებასაც.
ევროკავშირის ქვეყნების და აშშ-ის ლიდერებმა უკვე გამართეს შეხვედრები ალ-შარასთან, ახლახან იგი მოსკოვში ჩავიდა, სადაც სირიის ლეგიტიმურ ხელმძღვანელად იქნა აღიარებული.
გავრცელებული მოლოდინით, ორშაბათს სირიის ლიდერს მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. საუბარი უნდა შეეხოს მათ შორის სირია-ისრაელის კავშირების ნორმალიზაციას.
ფორუმი




