ნუ ჰგონიათ ამ მოღალატეებს, რომ ქართველი ხალხი დანებდება,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის პუტინის გეგმა.
„ყველა ვხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების გაძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი არ უნდა გამოგვრჩეს და უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა – რატომ აკეთებს პუტინი და მისი მეხუთე კოლონა, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა ამ ყველაფერს, რისთვის სჭირდება პოლიტიკური რეპრესიები, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რიგითი პატრიოტების დევნა, შევიწროება, პოლიტიკური სისტემის „კადიროვიზაცია“, ლუკაშენკოს ბელარუსის დამსგავსება? იმისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას სჭირდება ეს ქვეყანა, როგორც ტერიტორია, როგორც მისი შპს. ეს არის თავიდან ბოლომდე პუტინის გეგმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებიც აღარ იყვნენ. ეს ქვეყანა დაიცალოს ქართული სულისკვეთებისგან. ქართული სულისკვეთებისგან რომ დაიცალოს და მას არ ჰქონდეს მტერთან წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ის ასევე ქართველებისგან უნდა დაიცალოს. ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს, რაც ღიად თქვა მან და მისმა მონებმა- წადით აქედან ქართველები, ვისაც არ მოგწონთ ეს დიქტატურა, ვისაც არ მოგწონთ ბიძინა ივანიშვილის შპს-ში ცხოვრება“,- განაცხადა ბარამიძემ.
მისი განმარტებით, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, მათ შორის არის იმ საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, რომლითაც ხელისუფლება პარტიების ნაწილს პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.
ბარამიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ სამყაროს, გამოფიტოს ქართული სულისგან, დემოკრატიული ინსტიტუტებისგან და უგულებელყოფილი იყოს საქართველოს კანონმდებლობა თუ კონსტიტუცია.
„ბუნებრივია, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას შეეცდება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ვაპირებთ, აქაც გავმართოთ ბრძოლა და ვამხილოთ ეს მოღალატეთა, კრიმინალთა რეჟიმი. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას კი არა, ცდილობენ გაასამართლონ და დაადანაშაულონ თანამედროვე ქართული სახელმწიფო“,-განაცხადა ბარამიძემ.
მისვე თქმით, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი უნდა შეეწინააღმდეგოს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერხებთ ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით. ჩვენი გამძლეობით, მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლით. ნუ ჰგონია ამ მოღალატეებს, რომ ქართველი ხალხი დანებდება. ქართველი ხალხი აუცილებლად იბრძოლებს და თავისი სამშობლოს გადასარჩენად მოიპოვებს იმ გამარჯვებას, რომელიც იქნება ქართული სახელმწიფოს გამთლიანების, გაძლიერების საწინდარი“,-განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.




