6 ნოემბერს, საღამოს საათებში, დემონსტრანტების მიერ მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის შემდეგ პოლიციელებმა 18 წლის დემონსტრანტი ძალის გამოყენებით დააკავეს, 15 წლის ბიჭი კი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ამ დროისთვის გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. მოგვიანებით გაათავისუფლეს კიდეც.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, – თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი.
ასევე, არასრულწლოვნის დაკავება და დაპატიმრება, მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ის დაკავებულია თუ არა. რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას.
· დღეს საღამოს პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალება არ მისცა; პოლიციის კორდონი გზის ორივე მხარეს აღიმართა; ამ დროს ერთი ადამიანი დააკავეს – ექიმი, კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი;
· მოგვიანებით მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენ და აქცია იქაც გაიმართა;
· შემდეგ დემონსტრანტები ლეონიძის ქუჩით დაბრუნდნენ რუსთაველზე, პარლამენტის წინ.
· პარლამენტისკენ მსვლელობას პოლიციამ მათ კვლავ არ მისცა გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება.
არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი – ინიციალებით ა.ხ. – პოლიციელებმა სწორედ გიორგი ლეონიძის ქუჩაზე დააკავეს.
„პუბლიკის“ ცნობით, მანამდე მას სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ ერთ-ერთი პროსახელისუფლებო ტელევიზიის ოპერატორთან.
მეორე მოქალაქე, 18 წლის ალექსანდრე რაზმაძე პარლამენტთან ძალის გამოყენებით დააკავეს. მის დაკავებაში არაერთი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას. მას ყელის/კისრის არეში პოლიციელებმა ხელი მოუჭირეს, რის შემდეგაც ჩაიკეცა, პოლიციელებმა მისი დაკავება განაგრძეს.
ფორუმი




