პოლიციამ რუსთაველზე მომიტინგეებს გზა არ გადააკეტინა – გაიმართა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენ

დღეს საღამოს, 6 ნოემბერს, – უწყვეტი აქციებისა და რუსთაველზე გზის გადაკეტვის 344-ე დღეს – პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს არ მისცეს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალება.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები გადავიდნენ სავალ ნაწილზე, თუმცა პოლიციამ მალევე დაიკავა გამზირი.
ამ პროცესში დააკავეს აქციის ერთი მონაწილე.
ადგილზე ბევრი პოლიციელი იყო მობილიზებული. მათ გამზირის ორივე მხარეს აღმართეს „ცოცხალი კედელი“.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „სიმართლისთვის ბოლომდე, სამშობლოსთვის ბოლომდე“.
ცოტა ხანს ისინი ტროტუარზე აგრძელებდნენ პროტესტს, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით.
16 ოქტომბრიდან „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობა შევიდა ძალაში, რამაც პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით დასჯადი გახადა გზის გადაკეტვის აქციაში მონაწილეობა, – თუ პოლიცია მიიჩნევს, რომ ამისთვის არასაკმარისი რაოდენობის ხალხია შეკრებილი.
მას შემდეგ ათობით მოქალაქე დააკავეს ამ საფუძვლით და აბსოლუტურ უმრავლესობას პატიმრობა შეუფარდეს. ერთ დემონსტრანტს სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დააკისრეს – მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ეს იმის გამო, რომ ერთ წელიწადში ხელმეორედ „გზის გადაკეტვა“ სისხლის სამართლის წესით ისჯება – ერთ წლამდე პატიმრობით.
დღეს კი პოლიციელებმა შეკრებილ დემონსტრანტებს არ მისცეს გზის გადაკეტვის საშუალება.
ფორუმი