დღევანდელი დღიდან რა დასკვნების გაკეთებაც შეიძლება, ეს არის ის, რომ თუ კიდევ არსებობდა რამე ხიდები დარჩენილი ევროკავშირთან თანამშრომლობის, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი წარმატებით წაუკიდა ცეცხლი და ძალიან წარმატებით წვავს მათ, – ამის შესახებ “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ჩეჩელაშვილმა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ არცერთი კანდიდატი ქვეყნის მიმართ არ ყოფილა ანგარიში ისეთი ნეგატიური, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.
„არცერთი კანდიდატი ქვეყნის მიმართ გამოქვეყნებული ანგარიში არ ყოფილა ისეთი ნეგატიური, როგორც ახლა მოხდა საქართველოს შემთხვევაში, რადგან კანდიდატ ქვეყნებს სხვადასხვა გამოცდილება ჰქონდათ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იყო ძალიან წარმატებული „ქეისები”, მაგალითად, ესტონეთის შემთხვევაში, იყო ძალიან წინააღმდეგობრივი, როგორიც არის თურქეთის ან ისლანდიის, მაგრამ არცერთი კანდიდატი ქვეყნის მიმართ ასეთი ბრალდება, როგორც ევროკავშირმა საქართველოს მიმართ ჩამოაყალიბა, არ ყოფილა. ეს არის ანტიევროპული რიტორიკა და დეზინფორმაცია.
ჩვენ გვესმის – „ისეთი ბრიუსელი არ გვინდა, როგორიც ახლა არის, როდესაც ის გამოიცვლება, მერე მივუბრუნდებით” და ა.შ. , ბრიუსელი არ გამოიცვლება იმიტომ, რომ ბრიუსელში ევროკავშირის არსებული წესები, ტრადიციები, კრიტერიუმები და სულისკვეთება ყალიბდებოდა ათწლეულების განმავლობაში და სხვა ბრიუსელს ჩვენ ვერ მივიღებთ.
რაც ჩინეთში განაცხადა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, არის პირველი ღია აღიარება იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება აღარ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად.
დღევანდელი დღიდან რა დასკვნების გაკეთებაც შეიძლება, ეს არის ის, რომ თუ კიდევ არსებობდა რამე ხიდები დარჩენილი ევროკავშირთან თანამშრომლობის, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი წარმატებით წაუკიდა ცეცხლი და ძალიან წარმატებით წვავს მათ. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებებით ის ნაპრალები, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია გაჩენილი, ღრმავდება და ფართოვდება. ასევე უკიდურესად ღრმავდება პოლიტიკური კრიზისი. არ ვიცი, სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ საზოგადოებრივი განვითარების ძალიან სახიფათო ფაზაში შევდივართ“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.




