მანჩო გიორგობიანს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა “წინასწარ პატიმრობას” მოითხოვს

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებულ მანჩო გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.
“მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
“ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ოთხი პირი, ხოლო მეხუთე პირის დაკავების მიზნით ტარდება სპეციალური ღონისძიება. დაკავებულებს ბრალი კანონით დადგენილ ვადაში წარედგინებათ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს