უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთის გაყინული აქტივების კიევის სასარგებლოდ გამოყენების გადაწყვეტილება მიიღონ.
მისი ინფორმაციით, რუსებმა წუხელ უკრაინაში 135 დრონი გაუშვეს და მათი ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტები იყო.
„ის ფაქტი, რომ რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ და სამოქალაქო აქტივებზე თავდასხმას, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამჟამად ზეწოლა არასაკმარისია. უმნიშვნელოვანესია, რომ ამერიკამ, ევროპამ და „დიდმა შვიდეულმა“ გააგრძელონ სასანქციო და სატარიფო მუშაობა რუსეთის ენერგორესურსებით ვაჭრობასა ფინანსებზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „მოსკოვმა საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, თუ რამდენად სერიოზული დამოკიდებულება აქვს ევროპა თავდაცვის მიმართ“.
„რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა. პოლიტიკური ნება უკვე არსებობს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტექნიკური გადაწყვეტილება სწრაფად განხორციელდება. სრულიად სამართლიანია, რომ აგრესორის ფული მის მიერ წარმოებული ომისგან თავდაცვაზე იხარჯებოდეს“, – წერს ზელენსკი.




