საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, სადაც ტელევიზიის საქმიანობა კრიტიკულადაა შეფასებული.
მაუწყებელი ირწმუნება, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მუშაობენ და კრიტიკული განცხადებების მიზანი მათი დისკრედიტაციაა.
“საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მაუწყებელს არ გააჩნია არც პოლიტიკური მიკერძოება და არც რომელიმე ძალასთან დაკავშირებული ინტერესები – ყველა სარედაქციო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპს. განსხვავებული მოსაზრებების წარდგენა, ბალანსის დაცვა და მრავალფეროვანი პოზიციების ასახვა არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბრალდებები მიზნად ისახავს მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას და საზოგადოებრივი ნდობის დაზიანებას. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო/ოდირი, თავიანთ ანგარიშებში მიუთითებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალური გაშუქების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ემსახურებოდა და მომავალშიც მოემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — საზოგადოების ინტერესის დაცვასა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. შეგახსენებთ, დღეს გამოქვეყნდა გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა კრიტიკულად არის შეფასებული”, – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში გაფართოების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, 10 კანდიდატს ქვეყანას შორის, საქართველოს ყველაზე დაბალი შეფასება აქვს.
საქართველოს შესახებ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელზეც. ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ მაუწყებელი ცხადად მიკერძოებულია ხელისუფლების მიმართ. უფრო მეტიც, ევროკომისია წერს, რომ სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელია ერთ-ერთი იმ სუბიექტთაგან, რომელიც ანტიევროპულ რიტორიკას ავრცელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მაუწყებელი არათანაბრად ანაწილებდა დროს სარჩევნო სუბიექტებს შორის და “ქართული ოცნებისთვის” დათმობილი დრო მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა პარტიების გაშუქებს მაჩვენებელს. გარდა ამისა, ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ახერხებს, ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს – არ ასახავს მოსაზრებათა მრავალფეროვნებას და შეზღუდულია პლურალიზმი. დოკუმენტში წერია, რომ მაუწყებელმა ჟურნალისტები კრიტიკული მოსაზრებების გამო გაათავისუფლა სამსახურიდან.
უწყვეტი პროევროპული აქციების პარალელურად შეიქმნა მოძრაობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სოციალურ საკითხების გაშუქებასა და პროტესტში ჩართული ადამიანების მოთხოვნებზე მეტი დროის დათმობას ითხოვს. გარდა ამისა, ბოლო თეების განმავლობაში მაუწყებელმა არაერთი გადაცემა დახურა. ტელევიზიიდან გაათავისუფლეს არაერთი ჟურნალისტი, რომლებიც გამოირჩევიან კრიტიკული პოზიციებით. არაერთ ჟურნალისტს გამოუცხადეს საყვედური მათი საჯარო განცხადებების გამო.




