საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკულ დასკვნაზე ამბობს, რომ „მოულოდნელი არ ყოფილა“. უწყების განმარტებით, დოკუმენტი „უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული“.
„შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე და ეწინააღმდეგება, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას, ისე ჩვენს საერთო ინტერესებს.
ვგმობთ ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისკენ, რაც აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო „ერთგულია ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების“ და „კეთილსინდისიერად განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“.




