საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშს, რომლის მიხედვითაც 10 კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე უარყოფითი შედეგი საქართველოს აქვს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ევროკომისიის უარყოფითი შეფასება უსაფუძვლოა და “მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული”.
“სამწუხაროა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ჯიუტად ხუჭავენ თვალს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევასა და ძალადობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება განვითარებული მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის. როგორც ცნობილია, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსთან არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არც ერთი შეხვედრა არც ერთ დონეზე. უფრო მეტიც, ოფიციალურად უარი თქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი / პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით წარდგენილი ,,ეკონომიკური რეფორმების პროგრამის” ანგარიშის მიღებაზე და საქართველოს პროგრესის შეფასებაზე. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მაჩვენებლები მთელი რიგი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უმჯობესდება, მათ შორის მთავრობის კეთილსინდისიერების, ბიუროკრატიისა და კორუფციასთან ბრძოლის, მმართველობის ეფექტიანობის მიმართულებით და ასევე თვალსაჩინოა სტაბილური მაკრო-ეკონომიკური გარემო და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ევროკომისიის ანგარიშში მოცემული შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები უნდა დაისვას”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს არა “ქართული ოცნების” პოლიტიკა, რომელიც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებსა და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს, არამედ თავად ევროკავშირის სტრუქტურები, რომლებიც აკრიტიკებენ “ოცნებას” დემოკრატიის უკუსვლის გამო.
ევროკომისიის გაფართოების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.
ევროკომისიის შეფასებით, ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისტემატური და მიზანმიმართული რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცესა და ფუნდამენტურ უფლებებს, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას და მიზანში იღებს LGBTIQ პირებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტება სრული დაუსჯელობით და ევროკავშირის მიმართ მტრული რიტორიკა, კომისიის შეფასებით, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ ქცევის სტანდარტებს, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან.
ამავე თემაზე:
· საგარეო საქმეთა სამინისტრო„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში




