“ჩრდილოეთის ნაკადების” აფეთქებაში ეჭვმიტანილმა შიმშილობა გამოაცხადა

უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვმა, რომელიც გერმანიაში ეჭვმიტანილია „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქების კოორდინაციაში, შიმშილობა გამოაცხადა იტალიის ციხეში. იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკოლა კანესტრინიმ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, კუზნეცოვი „31 ოქტომბრიდან უარს ამბობს საკვებზე და მოითხოვს მისი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას, მათ შორის ადეკვატური კვების, ჯანსაღი გარემოს, ღირსეული პირობებისა და სხვა პატიმრებთან თანასწორი მოპყრობის უფლების დაცვას ოჯახის წევრების მონახულების და ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით“.
კანესტრინიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაპატიმრების შემდეგ, კუზნეცოვი არ უზრუნველყვეს საჭირო დიეტით, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.
ოქტომბრის ბოლოს იტალიის სასამართლომ მეორედ დაამტკიცა კუზნეცოვის ექსტრადიცია გერმანიაში, სადაც გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის მონაწილეობდა 2022 წლის სექტემბერში „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენების აფეთქებაში. დაცვის მხარე აპირებს კიდევ ერთი სააპელაციო საჩივრის შეტანას საკასაციო სასამართლოში. ის ამტკიცებს, რომ სასამართლო პროცესის დროს პროცედურული დარღვევები მოხდა.
უკრაინელი აგვისტოში იტალიის ქალაქ რიმინიში დააკავეს რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ ევროპული ორდერი გასცა მის დაპატიმრებაზე. კუზნეცოვი პირველი პირი გახდა, რომელიც დააკავეს „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებასთან დაკავშირებით. გერმანიაში მას არაერთი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის ტერორიზმისა. სასამართლოში მან თავი უდანაშაულოდ ცნო.
გამომძიებლების თქმით, კუზნეცოვი ექვსი-შვიდი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 2022 წლის სექტემბერში ისინი იახტა „ანდრომედათი“დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან მიუახლოვდნენ გაზსადენებს, სადაც 70-80 მეტრის სიღრმეზე მინიმუმ ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. საბოტაჟის შემდეგ, სავარაუდოდ, კუზნეცოვი იახტიდან ჩამოვიდა კუნძულ რიუგენზე მდებარე პორტ ვიკში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდა.