საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს ლი ციანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ლი ციანს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ერთი ჩინეთის პრინციპისადმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაადასტურა.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება – ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით.
ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ურყევ ერთგულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით. საქართველო მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა.
ასევე სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70.6 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით, ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7.43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 229 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას.
ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ხალხების გრძელვადიანი კეთილდღეობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას ადასტურებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
„მადლობას გიხდით საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობისათვის. საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული პროდუქციის წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, ქართული კომპანიები გამოფენაში მონაწილეობის შედეგებს მალე იხილავენ.
ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის.
ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს”, – აღნიშნა ლი ციანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ.




