დღეს, 3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი რეპრესიული კანონებით რუსთაველის აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე გაასამართლეს და მათ ნაწილს პატიმრობა შეუფარდეს.
დღეს გზის გადაკეტვის საბაბით გასამართლებულთა შორისაა წიბახაშვილების ოჯახის 4 წევრი. მასწავლებელ მანანა ჯავაშვილის გზის გადაკეტვის საბაბით 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მის შვილებს, ლადო და გიგა წიბახაშვილებს კი 8-8 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 5 ათასი ლარით დააჯარიმეს მანანა ჯავაშვილის და ეკა ჯავაშვილი.
„ეს კანონები მარტო იმიტომაა, რომ ადამიანების აზრს ვერ აჩერებენ, ვერ გვაჩერებენ. ოღონდ ეს პროტესტი მართლა ჩაახშონ და ხვალ შეიძლება მიიღონ კანონი, რომ დაგვხვრიტონ. კი, გადავედი, სწორად ჩავთვალე და გადავედი. დავინახე, რომ დედაჩემი გადავიდა და მისთვის გვერდის გასამაგრებლად გადავედი. არ მიმაჩნია ის, რაც ქვეყანაში ხდება ადეკვატურად… ქვეყანაში, რომელშიც სანაქებო პრემიერი გვყავდა და მერე კორუფციაში ჩაფლული აღმოჩნდა, ის ადამიანი გაუშვეს თავდებით. რამდენი ოქრო ამოუღეს, ყველამ ვნახეთ. რაღაც სისულელეზე, იმის გამო, რომ მთავრობას არ მოსწონს, ჩვენ გვიშვებენ ადმინისტრაციულით, შემდეგ სისხლით. ჩვენ ვართ თითქოს საშიში კრიმინალები. რაც გავაკეთე ის გავაკეთე, რადგან ვთვლი სწორად“, – განაცხადა გიგა წიბახაშვილმა სასამართლოში.
„ვინაიდან მე ვარ მასწავლებელი, პედაგოგი, უბრალოდ არანაირი მორალური უფლება არ მქონდა იმისი, რომ ის რაც ხდება დღეს – ყველანაირი აღვირახსნილობა ახალი თაობის მიმართ, ახალი თაობის მომავლის მიმართ, მე სხვა ბერკეტი არ გამაჩნია, რა შემიძლია სხვა გავაკეთო გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად ხმა მივაწვდინო ადრესატს,- აი ამ განათლების სისტემის დანგრევის და ჩამოქცევის შესახებ, შვილების ჯანმრთელობის შესახებ.
გუშინ იყო აქცია, ფილარმონიასთან „დედები შვილებისთვის“, მე მივედი იქ, ვიდექი მარტო, მორჩილად, წამოვედით რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე ძალიან წესიერად მოვდიოდით. დამუტული ვიყავი იმითი, რომ რაღაცნაირად ჩემს შვილებს და ჩემი შვილების თაობას, გადავფარებოდი და საერთოდ არ ვაპირებდი მე გუშინ გადაკეტვას, მაგრამ რომ დავინახე ხუთი კინკილა ჩემი შვილის ტოლი ადამიანი გადავიდა და ასე ეულად აღმოჩნდა პოლიციის გარემოცვის ქვეშ, დედამ გაიღვიძა ჩემში, კრუხმა გაიღვიძა ჩემში და ვერ მივეცი ჩემს თავს უფლება რომ არ გადავსულიყავი და მათ გვერდზე არ დავმდგარიყავი, დანარჩენი თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, თუ გნებავთ ერთი თვით ჩამსვით, თქვენი ნებაა“ , – განაცხადა ეკა ჯავაშვილმა.
გზის გადაკეტვის საბაბით 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ანასტასია ჯაფარიძეს. ამავე საბაბით 8 დღით პატიმრობა შეუფარდეს ლევან საბიაშვილს.
5000 ლარით დააჯარიმეს 72 წლის იოსებ ხეოშვილი, რომელსაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.
რუსთაველის აქციის მონაწილეს, აფხაზეთიდან დევნილს, 71 წლის აზა ჩილაჩავას, რომელიც გუშინ, 2 ნოემბერს დააკავეს, 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. შესაბამისად ის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში გათავისუფლა.
დღესვე წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს რუსთაველის აქციის მონაწილე, ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო, რითიც პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.
ამ გადაწყვეტილებით ზურაბ მენთეშაშვილი გახდა პირველი მოქალაქე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონით გზის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. ამ გადაწყვეტილებით ზურაბ მენთეშაშვილი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ახალი რეპრესიული კანონით გზის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ.

				
								
								

