თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაათავისუფლეს 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელსაც 1 დღიანი პატიმრობის ვადა ზუსტად 21:56 საათზე ამოეწურა. მოსამართლე თორნიკე ქოჩიაშვილმა მას სწორედ ამ პერიოდის საპატიმროში გატარება შეუფარდა.
„მე არ დავემორჩილები ამ კანონს. ვიცი, ხვალ [აქციაზე რომ გავალ], ვიქნების სისხლის სამართლის წესით გასამართლებული“, – თქვა 71 წლის ქალმა გათავისუფლების შემდეგ.
აზა ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად აქამდე ერთხელ უკვე ცნო. პოლიციამ ჩილაჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 19 ოქტომბერს შეუდგინა, აქციაზე პირბადით ყოფნის გამო.
22 ოქტომბერს სასამართლომ აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ფორუმი

				
								
								

