როგორც ჩანს, იყო ჩვეულებრივი დავალება, რომ ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის შეყვანას 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში, რის შესახებაც ინფორმაცია გამოაქვეყნა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „მათი სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელია საერთოდ რამესთან დაკავშირებით“
„ეს, ის ორგანიზაციაა, რომელმაც ნიკა გვარამია შერაცხა ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულ ადამიანად და რომელსაც შემდეგ ააფარა თავისი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლომ, მათ შორის ეს ორგანიზაცია ამხილა მიკერძოებაში. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათი სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელია საერთოდ რამესთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედია გარემოს საქართველოში, არ მგონია, რომ ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროპაში, შეეძლოს იმის თქმა, თუ როგორი პლურალისტური არის მედია გარემო ამა თუ იმ ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს ოპოზიციის პარტიული მედია, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის ოპოზიციას და მათი დაფინანსებულია, პარტიებს ეკუთვნის და ხაზარაძეს პირდაპირ ჩანთებით მიაქვს ფული ამა თუ იმ ტელევიზიაში.
საქართველოში მოქმედებს ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია. შეხედეთ, „ნეტგაზეთს“, ჩვეულებრივად ქცეულია ამ შეუმდგარი პროტესტის პროპაგანდისტად. საქართველოში, რამე ხდება, არ ხდება – არაფერი აინტერესებთ. ნახეთ, მათი საინფორმაციო ხაზი, რაც არის და მხოლოდ და მხოლოდ, ყოველ დღე, რაღაც მიტინგებთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია. ეს არის ზუსტად პროპაგანდა, რომ თითქოს ქვეყანაში სხვა არაფერი ხდება, ერთადერთი რაც ხდება არის 20 ადამიანის მიერ რუსთაველის გადაკეტვა – არგადაკეტვის საკითხი. პროპაგანდისტული მედია „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“ და სხვა, რომლებსაც პირდაპირ ბრიუსელი აფინანსებს და ამას საზოგადოება ეგუება.
როდესაც ხმას არ იღებს ეს ორგანიზაცია იმაზე, რომ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი და ამერიკის სპეცსამსახურების პროდუქტი „რადიო თავისუფლება“ პირდაპირ გადაიბარა ბრიუსელმა და ევროპულმა დაფინანსებამ, იმას რომ არ იმჩნევს, სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მედია არის დღეს, ევროკავშირის მოქალაქეების მიერ დაფინანსებული, აქ, რა ობიექტურობაზე შეიძლება გვქონდეს საუბარი?!“-განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი იოზვიაკი „სასწაულებრივად“ იგებს ხოლმე ექსკლუზიურ ინფორმაციას ევროკომისიის სხვადასხვა დერეფნებიდან. პაპუაშვილის აზრით, ეს იმიტომ, რომ „რადიო თავისუფლება“ არის ამერიკის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელსაც ბრიუსელი პროპაგანდისთვის იყენებს.
„ჩვენ თვალწინ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილ „რადიო თავისუფლებას“, და ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და ამაში არაფერი კონსპირაცია არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელიც „დიფ სთეითმა“ გადააბარა ევროკავშირის ბიუჯეტს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა უარი თქვა ამგვარი ინსტრუმენტის დაფინანსებაზე“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამის შემდგომ ისაუბრა პაპუაშვილმა პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში უშუალოდ ივანიშვილის მოხვედრაზე.
„როდესაც ილონ მასკთან, არგენტინის პრეზიდენტთან, ორბანთან, სხვებთან ერთად ასახლებენ, ესეც აჩვენებს მათ დამოკიდებულებას. სინამდვილეში საქმე არის შემდეგ რაღაცასთან – რასაც ვერ აკონტროლებს „დიფ სთეითი“ ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით ხდება შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიების აწევა. ეტყობა, სიჩქარეში ისიც კი ვერ გადაამოწმეს, თუ გამორჩათ და საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ამ დროს, არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და არ მგონია, ეს რომ ნიშნავდეს პოლიტიკიდან გასვლას. ანუ ამ მხრივაც კი, როგორც ჩანს, იყო ჩვეულებრივი დავალება, რომ ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




