საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, „კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო და 2025 წელს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ამ ეტაპზე საარჩევნო ციკლი დასრულებულია.
ამ ორივე არჩევნების ჩატარების შედეგებზე, სამართლიანობაზე და იმაზე, თუ რა პირობებსა და ვითარებებში და პერიპეტიებების თანხლებით ჩატარდა ისინი იმდენი ითქვა და დაიწერა, სამსჯელოც, პრაქტიკულად არაფერია.
და რადგან ასეა, ჩვენ ახლა ალბათ იმაზე უფრო უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ამ საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ როგორი პოლიტიკური სურათი გვაქვს მიღებული.
მიმდინარე წლის აგვისტოში „ინტერპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ გაქვთ გამოთქმული ამგვარი მოსაზრება – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ელექტორალურ ავტორიტარიზმად აქცია“.
დარწმუნებული ვარ, ამ მოსაზრებას ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ოპოზიციის და საზოგადოების დიდი ნაწილი ალბათ დაგეთანხმებათ, მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობენ მმართველ „ქართულ ოცნებაში“ და საჯარო სივრცეში ამავე პარტიის სასარგებლოდ მოსაუბრე „მოლაპარაკე თავები“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ეტაპზე საქართველოში საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და დღეისათვის არსებულ სურათს?
– ავტორიტარიზმის განვითარების დინამიკა მწვერვალიდან თოვლის გუნდის დაგორებას შეგვიძლია შევადაროთ. რეჟიმს ძალაუფლების მოხვეჭის გზაზე განსაკუთრებული და დიდი წინააღმდეგობა თუ არ შეხვდა, ის უზარმაზარი სისწრაფით იზრდება და შეუჩერებლად აგრძელებს სვლას. სისტემის სათავეში მოქცეულ პირებს მუხრუჭები არ აქვთ და უკანმოუხედავად მიაქანებენ ქვეყანას დაშლა-დაქუცმაცებისკენ.
„ქართული ოცნება“ სწორედ მთიდან მოწყვეტილი ზვავის სტადიაზეა. ივანიშვილისა და მისი მთავარი ვეზირის – ირაკლი კობახიძის ამჟამინდელი ამოცანაა სახელმწიფოში სრულად მოსპონ რეალური პოლიტიკური მრავალფეროვნება.
ყველა შიდასახელისუფლებო ჯგუფი, პარტია, მედია საშუალება, სამოქალაქო ორგანიზაცია, პროფკავშირები, ქრისტიანული საძმო, უნივერსიტეტი, რომელიც მილიარდერის სცენარში არ ჯდება მტრის მსახურად უნდა გამოცხადდეს და ნელ-ნელა, მეთოდურად უნდა განადგურდეს.
მხოლოდ ის ოპოზიციურად განწყობილი ინსტიტუტები გადარჩებიან, რომელთაც ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების ძალა არ შესწევთ. ოლიგარქიის ამოცანაა, რომ წინააღმდეგობას მხოლოდ კარნავალური ხასიათი ჰქონდეს, მხოლოდ ვერბალური ჯანყის ფუჭ მიზნებს ემსახურებოდეს.
– არსებული პოლიტიკური სურათისა და ვითარების ამგვარ განმარტებებზე არა ერთხელ მოგვისმენია მმართველი გუნდის შეფასებები.
მათი არგუმენტი ასეთია – ჩვენ წინა არჩევნებიც დამაჯერებლად მოვიგეთ და ბოლო არჩევნებზე ხმა მილიონ 200 ათასმა ამომრჩეველმა მოგვცა ხმა. მეტიც, როცა ასეთ რამეს ამბობთ, – „თქვენ პატივს არ სცემთ ამომრჩევლებს და მათთვის ბოდიში გაქვთ მოსახდელი.“
იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების, შემდეგ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები უზუსტესიც კია, ვინც საგარეო პოლიტიკაში ერკვევა, მათთვის გაუგებარია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ორიენტირები. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატა საბანაძემ განიცხადა – „ასეთი უვექტორო არც საგარეო ასპარეზზე და არც შიგნით, საქართველო ალბათ 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა“.
რაც საშინაო პოლიტიკასა და ზოგადად, ორივე არჩევნებს ეხება შეუძლებელია არ ითქვას – იმის გათვალისწინებით რომ თურმე ხელისუფლების დიდი ნაწილი „კორუფციული სქემებში ცურავდა“, ამაზე დაკავებულ მაღალჩინოსანთა რაოდენობა და პარლამენტში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თქვა – „214 პროექტიდან 161 ან ვერ შესრულდა, ან მხოლოდ ნაწილობრივ.“ ბევრი თვლის რომ ის, რაც ახლა სახელისუფლებო გუნდში ხდება არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ივანიშვილის კარზე პოლიტიკურ ძალებს შორის ბრძოლაა.
როცა ხელისუფლებაში კორუფციული ფაქტების შესახებ ვრცელდება ინფორმაციები ლამის ყოველდღიურ რეჟიმში, კიდევ საკითხავია ამომრჩევლებისთვის ვის აქვს ბოდიში მოსახდელი ოპოზიციურად მოაზროვნე საზოგადოებას, თუ მმართველ გუნდს?
სხვათა შორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კორუფციაში ბრალდებული ლიეტუვის მთავრობა გადადგა…
– საუბედუროდ, კორუფცია დამოუკიდებელი საქართველოს მუდმივ თანამგზავრად იქცა. თანაც საქართველოში გავრცელებული კორუფციის ფორმა ძალიან არაეფექტიანია. შორეულ აზიაში არსებობენ ქვეყნები, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები და კორპორაციები უკანონო შემოსავლებით საზრდოობენ, მაგრამ ისინი პარალელურად საქმესაც აკეთებენ.
შეიძლება იქ ხიდის აშენებისთვის საჭიროზე ორჯერ მეტ თანხას ითხოვენ, მაგრამ ხიდი შენდება მაინც და საუკუნეებს უძლებს. საქართველოში კი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ორჯერ მეტი თანხაც ორთქლდება და ხიდსაც არავინ აშენებს.
ცხადია, „ქართული ოცნება“ კორუფციას არ ებრძვის, ივანიშვილის ახალი ფავორიტები ძველებისგან ფინანსური ძალაუფლების გადაბარებას ცდილობენ. ამის თქმის საფუძველს ხელისუფლების შერჩევითი მიდგომა გვაძლევს.
თურმე, პრემიერ-მინისტრის აპარატი, სპეცსამსახურები, თავდაცვის სისტემა, ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის უმდიდრესი უწყება – ანუ ყველა რგოლი, რომელიც უდიდესი კაპიტალის მიმოქცევაზე არის პასუხისმგებელი, კორუფციაში იხრჩობა და დედაქალაქს, სადაც საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი იყრის თავს, ამ უწმინდურობიდან სუფთად დაუძვრენია თავი.
ორმაგ სტანდარტთან რომ არ გვქონდეს საქმე, ამდენი სკანდალის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო ქალაქის მერიაში მოკვლევას დაიწყებდა, მერიის გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეისწავლიდა, ორ მილიარდიანი ბიუჯეტის ხარჯვას გააკონტროლებდა. ცხადია, ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. ხელისუფლება სადამსჯელო მექანიზმებს მხოლოდ მათ წინააღმდეგ იყენებს, ვისთვისაც „ქართული ოცნების“ ნავში ადგილი არ მოიძებნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი თანაგუნდელების დევნა ცეცხლთან თამაშად შეიძლება იქცეს. ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ჭაბუკობიდანვე არიან მილიარდერის ერთგული მსახურები. მათ არაერთხელ დადეს საკუთარი სიცოცხლე და რეპუტაცია სასწორზე, რათა ივანიშვილისთვის თავიანთი ლოიალურობა დაემტკიცებინათ.
ღარიბაშვილმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყველაფერი იკადრა, ოლიგარქის ყველა ბრძანება შეასრულა. რას იღებენ ისინი ერთგულების სანაცვლოდ? მხოლოდ დევნას, შევიწროვებას, დამცირებას, ახლობლების დაპატიმრებას, თან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ხოტბას ასხამდნენ და ემლიქვნელებოდნენ.
ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დემონსტრაციული დასჯა, მათი, როგორც საჯარო პირების, მიწასთან გასწორება უნდა იქცეს სიგნალად „ქართული ოცნების“ ყველა ფუნქციონერისთვის. ივანიშვილი ერთგულებას არ აფასებს და შეუძლია ხელის ერთი მოსმით ნაგავში გადაუძახოს ნებისმიერ დაქვემდებარებულ პირს.
„ქართული ოცნების“ არცერთ წევრს, მათ შორის არც კობახიძეს, არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მათ გარჯას ოლიგარქი ოდესმე დააფასებს. ივანიშვილი ყველა პაიკს დაუნდობლად, წარბშეუხრელად გაწირავს.
– მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის – „ნაცმოძრაობის“, კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.
ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და პრემიერ ირაკლი კობახიძის, ასევე მმართველი გუნდის სხვა წევრების მხრიდან საკმაოზე მეტი განცხადება გაკეთდა.
მათ განცხადებებში ალბათ ყველაზე უცნაური იყო ის, რომ პარტიებს, რომლებსაც შესაძლოა, მომავალში გაუჩნდეს ბევრი მხარდამჭერი, „ქართული ოცნება“ მათთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამ თემაზე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „ინტერპრესნიუსს განუცხადა – „ბევრი წელია თვალს ვადევნებ სხვადასხვა პარტიების საქმიანობას, მაგრამ არ მახსენდება პარტია, რომელსაც თავის მიზნად განეცხადებინოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სამართალში არც თუ კარგად გათვითცნობიერებული მკითხველისთვის ვიტყვი რომ მე „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციურ მოქმედებას ვხედავ“.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს 3 პარტიის აკრძალვის შესახებ?
ასევე იმას, პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში რა პოზიციებსაც მმართველი გუნდი აფიქსირებს?
– ირაკლი კობახიძე და მისი თანაგუნდელი იურისტები, რომლებიც სწორხაზოვანი, აზროვნებისგან დაცლილი ზედაპირული ხედვებით გამოირჩევიან, გვიმტკიცებენ, რომ ისინი ოპოზიციურ პარტიების აკრძალვას სხვა ევროპული დემოკრატიების მსგავსად აპირებენ. მათ ხშირად მოჰყავთ გერმანული მაგალითები. ოღონდ, რა თქმა უნდა, მანიპულირებენ.
გერმანიაში პარტია ორი მიზეზით შეიძლება აიკრძალოს: თუ ორგანიზაცია ხელს უწყობს ქვეყნის დაშლას, საფრთხეს უქმნის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, ან აგრესიულად ესხმის თავს თავისუფალ და დემოკრატიულ საბაზისო წესრიგს.
მაშასადამე, პარტიებს აქვთ უფლება სწამდეთ სხვანაირი კონსტიტუციის, მმართველობის განსხვავებული სისტემის, უპირისპირდებოდნენ ხელისუფლებას. მეტიც, მათ ხანდახან იმის უფლებასაც აძლევენ, რომ შეუტიონ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. მთავარია, ამ საქმეს კარგად ორგანიზებული, უკანონო ქსელის საშუალებით არ აკეთებდნენ.
მაგალითად, გფრ-მ 1950-იან წლებში აკრძალა ნაცისტთა სამართალმემკვიდრე პარტია. ამ ძალის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახლდათ ის, რომ საიმპერიო პარტიას თავისი პარამილიტარისტული, შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავდა, რომელიც აღნიშნული ჯგუფის ოპონენტებზე ძალადობდა.
1956 წელს დროებით გაუუქმდა რეგისტრაცია კომუნისტურ პარტია, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიიდან იმართებოდა და ფაქტობრივად, სურდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ფედერაციული რესპუბლიკის შემოერთება.
გერმანიის მიერ აკრძალული ორივე პარტია იყო მარგინალური, მათი მხარდაჭერა 1-2% გახლდათ, ისინი პარლამენტში მანდატების მოპოვებას ვეღარ ახერხებდნენ.
უკიდურესად კრიტიკულად ვარ განწყობილი “ნაცმოძრაობის,” მისი ანასხლეტებისა და „ლელოს“ მიმართ, მაგრამ ფაქტია: არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დამხობა სურს, ან საქართველოს დაშლას ესწრაფვის. არცერთ მათგანს არ ჰყავს თავისი ნახევრად გასამხედროებული ფორმირებები, რომელთაც გადატრიალების თავი აქვთ.
სამი პარტიის აკრძალვა დღეს თავისუფალი და დემოკრატიული საბაზისო წესრიგის დაცვის ნაცვლად, ამგვარი წეს-წყობილების მოშლას ემსახურება.
აქვე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ პარტიების აკრძალვაზე მეტად, ის მრავალთვიანი ხმაური უფრო აინტერესებს, რომელსაც საკონსტიტუციო სარჩელი გამოიწვევს. ივანიშვილის გუნდმა ფაქტობრივად მოგვისაჯა, რომ 2028 წლამდე აკრძალულ ოპოზიციურ ძალებზე ვისაუბროთ.
ბატონ ირაკლი კობახიძეს შევახსენებდი, რომ აკრძალვა არასდროს არ არის გამოსავალი. პირიქით, აკრძალვის პირას მყოფი ძალები არაჩვეულებრივად ორგანიზებულები ხდებიან ხოლმე, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რეპრესიებს. საკონსტიტუციო სარჩელი ხელს უწყობს მომაკვდავი ძალების თვითაქტუალიზებას, მეორე სუნთქვას უხსნის მათ.
იმასაც გეტყვით, რომ თავად „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“, მათ წიაღში წარმოქმნილი ჯგუფების გაქრობას ვემხრობი, მაგრამ საქმე ბუნებრივად, დემოკრატიული პროცესების შედეგად უნდა გაკეთდეს.
არჩევნებში სასტიკი დამარცხება არის პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელობის დაკარგვის საუკეთესო საშუალება და არა დამონებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
– ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველოს ხელისუფლება 2030 წლამდე ევროკავშირის წინაშე არ დააყენებს საქართველოს გაწევრიანების საკითხს, პროდასავლურად განწყობილი საზოგადოება რუსთაველზე აქციებს აწყობს.
რუსთაველზე პოლიტიკური აქტიურობის გამო უამრავი მოქალაქე ზის ციხეში, აქციებში ნაცემ მოქაალქეთა რიცხვი 500-მდეა, 5 ათასი ლარით დაჯარიმებულთა რიცხვიც შთამბეჭდავია.
გასაგებია, რომ ამგვარი ქმედებებით ხელისუფლება ცდილობს დაუმორჩილებელი მოქალაქებისთვის ძალის დემონსტრირებას, მაგრამ, გაუგებარია თუ რატომაა ასე დაუნდობელი ხელისუფლება პროტესტანტების მიმართ?
– თვალებიდან არ ამომდის სცენა, როდესაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი კობახიძე ჟურნალისტს განსაკუთრებული მონდომებით აიძულებდა, რომ კორესპონდენტს იგი მისი ტიტულით მოეხსენიებინა.
საქართველოს ხელისუფლების ფორმალურ მეთაურებს არასრულფასოვნების კომპლექსი ტანჯავთ, ამიტომ მუდმივად სჭირდებათ იმის დამტკიცება და დემონსტრირება, რომ მართლა მინისტრები და დეპუტატები არიან. ისინი საკუთარ ძალაუფლებას ივანიშვილზე ვერ გამოცდიან, მათ თანამდებობისა და გავლენის შეგრძნება მხოლოდ ყველაზე დაუცველთა ჩაგვრის დროს ეუფლებათ.
თუმცა, მხოლოდ დასახელებული გარემოებით არ აიხსნება ხელისუფლების აგრესია. საერთო ეროვნული პროტესტის დღეებად მონიშნულ პერიოდებში თბილისის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა ხოლმე.
კარგად ორგანიზების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიძლება ვიხილოთ მორიგი მასშტაბური საპროტესტო ტალღა დედაქალაქის სამთავრობო კვარტალში, ხელისუფლებით უკმაყოფილება მტკვრის ორივე სანაპიროზე საკმარისზე მაღალ ნიშნულს აღწევს. ამას სამთავრობო ეშელონებშიც ხვდებიან და სურთ სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის დაჭერებით, დარბევებით, შიში დანერგონ ყველა სოციალურ ფენაში, რათა მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა გაურთულდეთ. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პროტესტის ტაქტიკა შესაცვლელია.
უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შეგნებულად მიდიან აბსურდული კანონების წინააღმდეგ, არ ეშინიათ ადმინისტრაციული პატიმრობის და თავიანთი თავგანწირვით ცდილობენ უსამართლო კანონმდებლობისთვის ძირის გამოთხრას.
შეიძლება ამგვარმა ქმედებამ აგვაღელვოს, კონკრეტული ადამიანების მიმართ სიყვარულის გრძნობა გაგვიორკეცოს, მაგრამ ყრუ კედელთან ომი და მსხვერპლშეწირვა შედეგს ვერ მოგვიტანს. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და კედელს უნდა შემოვუაროთ.
ალბათ, უკვე დროა, რომ პროტესტი ყოველკვირეულ რეჟიმზე გადავიდეს. ყოველი კვირის ერთსა და იმავე დღეს უნდა გაიმართოს სხვადასხვა დემონსტრაცია, თითოეულ დემონსტრაციაზე პასუხისმგებლობა სხვადასხვა ჯგუფებმა უნდა აიღონ, გამოსვლას მთელი კვირის განმავლობაში უნდა ამზადებდნენ, ეწეოდნენ მის პოპულარიზებას.
ყოველკვირეული დემონსტრაციები უნდა იყოს თემატური, რათა ახალ-ახალი საკითხების წინ წამოწევით პროტესტი საზოგადოების ფართო ფენებს მიწვდეს. ერთი სიტყვით, ყოველდღიური, მოუმზადებელი, მცირერიცხოვანი გამოსვლების ნაცვლად, გვჭირდება ყოველკვირეული მასობრივი დემონსტრაციები, რომელთაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა ჯგუფები დააორგანიზებენ.
– პროდასავლური, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური პარტიები აგრძლებენ ერთმანეთის მიმართ საჯარო სივრცეში სივრცეში პრეტენზიების გამოთქმას.
საზოგადოების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალობით არ გამოირჩევა და საკმაოდ კრიტიკულია დაახლოებით ასეთ აზრს გამოთქვამს – კარგა ხანია დღევანდელმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პოლიტიკური ველი. მეორე ნაწილი, ოპოზიციური სპექტრის მიმართ ასევე კრიტიკულად განწყობილები, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მიმართ სიმპატიებს კი გამოთქვამენ, მაგრამ, მათი უმეტესობის მიმართ სიმპატიების მიუხედავად უნდობლობასაც არ მალავენ.
არადა, გაუგებარია, როცა ხელისუფლება ამბობს რომ ქვეყანაში დემოკრატიას აშენებს, „თან ისეთს, რომლითაც ევროპაც კი შეიძლება გავაოცოთ“, ვხედავ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და არა ბიუროკრატია, როგორც ხელისუფლება ხშირად ამბობს, „ქართულ დემოკრატიას“ უმწვავესად აკრიტიკებენ.
რჩება შთაბეჭდილება რომ ხელისუფლებისთვის აზრთა სხვადასხვაობა და პლურალიზმია მიუღებელი. ამგვარ პოლიტიკურ სისტემაში ქართულმა საზოგადოებამ 70 წელზე მეტი იცხოვრა.
სავარაუდოდ, რა ხდება ქართულ ოპოზიციურ სპექტში? მათზე გვერდიდან დაკვირებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური სპექტრისთვისაც პლურალიზმი არც თუ ისე მისაღები რამაა?
– ჩამოგითვლით რამდენიმე საკითხს და მოდით ვიმსჯელოთ, რას აკეთებს ოპოზიცია დასახელებული პრობლემების საჯაროდ განხილვისთვის.
ბაღდათის რაიონში მდებარე 13 202 ჰექტარი ტყე, 49 წლით მთავრობამ ერთ-ერთ ბიზნესმენს და „ნაცმოძრაობის“ ყოფილ მაჟორიტარს გადასცა. ამავე პირს ნახევარი საუკუნით დაურეგისტრირდა 1400-მდე ჰექტარზე გადაჭიმული ველები ბაღდათისა და ვანის მთებში. ადგილობრივები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება კანონდარღვევით, მოსახლეობისგან ფარულად მიიღეს. ნახევარი წელიწადია ბაღდათელები იბრძვიან და არავის მათთვის ყურადღება არ მიუქცევია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენიმე კვირაში 3600 ჭიათურელი მუშა უმუშევარი დარჩა. საწარმოს მმართველობა რუსმა ოლიგარქმა მიხაილ სოცკიმ გადაიბარა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამუშაო ადგილებისთვის მებრძოლი ჭიათურელების გასანეიტრალებლად, პროტესტის რამდენიმე მოთავე ციხეშიც აღმოჩნდა.
საბოლოოდ, დიდი დავიდარაბის შემდეგ სამსახურში დაახლოებით 1500-მდე დასაქმებული დაბრუნდა, დანარჩენები ვალებში იხრჩობიან და პურის ფული არ აქვთ. რა პასუხი აქვთ ამ პრობლემაზე ქართველ ოპოზიციონერებს?
პირველადი მოხმარების საგნებზე ფასებს ცეცხლი უკიდია, საქართველოში გაძვირდა პური და პურპროდუქტები, რას ეუბნება ამ პრობლემით გაწამებულ საქართველოს მოქალაქეებს ოპოზიცია?
აღარ გავაგრძელებ გამოწვევების დასახელებას. ყველა კუთხეში, ყველა ქალაქში მძვინვარებს სოციალური უსამართლობა და ჩვენი ოპოზიციური პარტიები ხმასაც არ იღებენ. სოციალური უსამართლობის იგნორირებით ისინი საკუთარ თავს ისამარებენ.
სიტყვები „ევროპა“ და „დემოკრატია“ ახალი შინაარსით უნდა დავტვირთოთ, ახალი საზრისით უნდა გავამდიდროთ. საქართველოს ოპოზიცია კი პირიქით იქცევა, ორივე ცნება გამოშიგნა და მათ ზედაპირულ ინტერპრეტაციებს ვერ გაცდა, რასაც, ცხადია, ოსტატურად იყენებს ხელისუფლების კარგად გაპოხილი და დაზეთილი პროპაგანდისტული მანქანა.
საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ოპოზიციურ ველზე დომინაციას 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი ძალები მოიპოვებდნენ.
– თქვენ წლებია სხვადასხვა უნივესიტეტებში მუშაობთ, ამიტომ გვერდს ვერ აუვლით იმ თემას, რასაც ხელისუფლების მიერ საგანმანათლებლო სისტემაში დაანონსებული რეფორმა ჰქვია.
ამ თემაზეც აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. უკვე ვიცით, ამ თემაზე სამუშაოდ შექმნილია კომისია, პრემიერსა და განათლების მინისტრს შეხვედრები ჰქონდათ როგორც უნივერსიტეტების რექტორების ნაწილთან, ისე მსხვილი ბიზნესის წარმოდადგენლებთან.
ვიცი თემა დიდია, მაგრამ თუ განათლების სისტემაში ხელისუფლების მიერ დაანონსებულ რეფორმაზე მოკლედ გაგვიზიარებთ შთაბეჭდილებას, დაგვავალებთ…
– ახალს ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, შევეცდები თავი მოვუყარო იმ ნიუანსებს, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ხარისხიანი, მაღალი რანგის განათლების საფუძველი ძლიერი კვლევითი კომპონენტია. „ქართული ოცნება“ ცდილობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის გამოყოფილი წლებისა და რესურსების შემცირებას, რაც ძირითადად სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების გაუქმების ხარჯზე მოხდება, რაც ჩემთვის უპირობოდ ნიშნავს სწავლების ხარისხის გაუარესებას, უმაღლესი განათლების კიდევ უფრო დისტანცირებას სამეცნიერო სამყაროსგან.
ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“. რატომ არ უნდა არსებობდეს გერმანისტიკის მიმართულება თსუ-შიც და ილიაუნიშიც? რატომ არ უნდა არსებობდეს ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა თსუ-შიც და თეატრალურ უნივერსიტეტშიც? რა ლოგიკას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლება, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში ანგრევს წლობით ნაშენებ ფაკულტეტებს ან ცდილობს მის გასახლებას რომელიმე სხვა ქალაქში?
საბჭოთა ეპოქაში საუნივერსიტეტო ფაკულტეტები და მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტები ერთსა და იმავე ქალაქებში ფუნქციონირებდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სამეცნიერო მიღწევებში, ჰქონდათ ინტენსიური დიალოგი. დღეს იმავეს უნდა აკეთებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები, ხელს უნდა უწყობდნენ ახალი ინტერდისციპლინარული განზომილებების წარმოქმნას.
სახელმწიფო უნივერსიტეტები ისედაც კლანებით იმართებიან, არსებობს საშინელი უთანასწორობა სხვადასხვა რანგის პროფესორებსა და მოწვეულ პერსონალს შორის, ხშირად ლექტორები შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. „ქართული ოცნების“ ინიციატივა ცალკეულ პროფესორებზე დაფუძნებული კათედრების წარმოქმნის შესახებ საფუძველს ჩაუყრის კიდევ უფრო ღრმად ფესვგადგმულ, უსამართლო იერარქიებს.
ყველა კათედრაზე გამწვავდება პროფესორთა ომები, რომლებიც ისედაც წლებია მიმდინარეობს და არასდროს შეწყვეტილა. მე მყავდნენ პროფესორები, რომლებიც ერთმანეთის დანახვაზე წყევლა-კრულვასა და შეკურთხებას იწყებდნენ.
წარმოიდგინეთ ღარიბ ოჯახში დაბადებული ახალგაზრდა, რომელიც თბილისის პერიფერიაში ცხოვრობს. მას არ უვლია კარგ სკოლაში, არ ჰყოლია ძვირადღირებული რეპეტიტორები, არ ჰქონია ნორმალური პირობები სწავლისთვის, მაგრამ გულით უნდა, რომ ეკონომისტი გახდეს.
მაღლივ კორპუსში მოსახვედრად მისი ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ქუთაისში უწევს საყვარელი საქმის შესასწავლად გამგზავრება, ბინა უნდა იქირავოს, ტრანსპორტის ხარჯები უნდა დაფაროს, უცხო ქალაქში სამუშაო უნდა იშოვოს, სწავლის ქირაც მხრებზე დააწვება. რატომ ვაუბედურებთ ისედაც გაჭირვებაში გაზრდილ ადამიანს? რატომ ვუქმნით დამატებით ბარიერებს?
სრულიად აბსურდულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხრიდან უცხოელ სტუდენტებთან მუშაობაზე უარის თქმის იდეა. სამწუხაროდ, უმაღლეს სასწავლებლებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვთ. ოთხი წელი გახლდით თსუ-ის სენატის წევრი და ზუსტად ვიცი, თუ რამხელა ფინანსური სირთულეების გადალახვა უწევდა ჩვენს უნივერსიტეტს.
ასეთ დროს უცხოელი სტუდენტი უნივერსიტეტისთვის მაშველი რგოლის როლს ასრულებს, დამატებითი შემოსავალი მოაქვს სასწავლებლისთვის. რატომ უნდა დაუთმოთ ეს კაპიტალი მხოლოდ კერძო სასწავლებლებს?
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უცხოელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა ტიპის უმდიდრეს გამოცდილებას წარმოქმნის.
სკოლებში სწავლის 11 წლამდე შემცირება ქართველი მოსწავლეებისთვის შეუძლებელს ხდის პირდაპირ ევროპულ სასწავლებლებში ჩარიცხვას. სწავლის ერთი წლით შემცირება უამრავი პედაგოგის ხელფასსაც დაარტყამს. სკოლებშიც გამწვავდება საათებისთვის გაჩაღებული ომები.
სრულიად ამაზრზენია რეფორმის წარდგენისა და განხილვის „ოცნებისეული“ პრაქტიკაც. ირაკლი კობახიძეს არავისთან უთათბირია ამ საკითხზე, პირდაპირ ტელევიზიით მოგვიყვა თავისი და ადეიშვილის მოადგილის ფიქრების შესახებ.
შინაარსით დავინტერესდი და სულ ოთხ გვერდს აერთიანებს ეს ჰეგელიანური სიბრძნით აღბეჭდილი რეფორმა. რეფორმაზე დისკუსიები დაიწყო და პირველივე ეტაპზე იგი ლიმონათების ქარხნის დირექტორებთან, სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებთან გაარჩიეს.
თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ჩემი დაკვირვებებით, „ქართული ოცნების“ მიზანია: 1. გაანადგუროს ყველა ის სასწავლებელი, რომელსაც პირდაპირ ვერ აკონტროლებს; 2. მოწყვიტოს საქართველოს განათლების სისტემა ევროპულ სივრცეს, აქციოს ის ჩაკეტილ, მარგინალურ, პროვინციულ, უშანსოდ დარჩენილ დარგად; 3. რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ველური კაპიტალიზმის ველად ქცეულ ქართულ ბაზარს უიაფესი, მაგრამ ახალგზარდა და ენერგიით სავსე მუშახელი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




