ვახტანგ ძაბირაძე – “მოპარულ მილიონებსა და უხარისხო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ დღევანდელ ხელისუფლებას”
ევროსაბჭოს შემდეგ ევრონესტიც – საქართველი კიდევ ერთ საპარლამენტო ორგანიზაციაში აჩერებს მუშაობას
მამუკა მამულაშვილი – “უკრაინას არა აქვს იმ რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღება, რომელიც საჭიროა ამ ომის დასრულებისთვის”
გახარიას პარტიამ “თავი გადაირჩინა”, მაგრამ თავად გახარია შეიძლება მაინც დააკავონ
გიორგი გობრონიძე – “რუსეთმა უკრაინაში ომი რომც წააგოს, კრემლის რევანშისტული დღის წესრიგი იგივე დარჩება”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “მოპარულ მილიონებსა და უხარისხო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ დღევანდელ ხელისუფლებას”
“სისტემური კორუფციისას მასში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მონაწილეობს. ეს კონკრეტული დანაშაული, რის თაობაზეც ხელისუფლებამ გვამცნო, სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ბრალდების თანახმად, მასში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური ფონდი და კომპანია, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამა თუ იმ კორუფციულ სქემაში შეიძლება მონაწილეობდა სხვადასხვა დაჯგუფება, მაგრამ ისინი წარმოადგენენ მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს. როგორც აღმოჩნდა, ამ ხელისუფლების პირობებშიც სისტემური დანაშაულის მასშტაბი განუსაზღვრელად დიდია და ითრევს ყველას, ვინც კი მზად არის ამის მონაწილე იყოს. რაც უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, რომ ეს ახლა გაიგეს, ტყუილია, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში კორუფციის თაობაზე ცნობილი იყო კარგა ხანია. ამის თაობაზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაა მომზადებული, რასაც ახლა ფინანსური სამსახური ფეხდაფეხ მიჰყვება”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საჭიროა ოპოზიციამ იმაზე იფიქროს, რომ პროტესტი რუსთაველიდან გავიდეს”.
“დღეს კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებას აქვს 2 შემადგენელი: ერთი, რომ კორუფციასთან ბრძოლა საზოგადოებაში ყოველთვის პოულობს მხარდაჭერას; მეორე – ეს ბრძოლა იძლევა საშუალებას, რომ შენთვის არასასურველი პირებისგან უმტკივნეულოდ გაათავისუფლო სახელისუფლებო ვერტიკალი. ამ ხალხისგან ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფულს უკან მიატანინებენ და გაუშვებენ, მაგრამ ისინი პოლიტიკაში და სახელისუფლებო სტრუქტურებში ვეღარ დაბრუნდებიან. მათ ჩაანაცვლებენ ამ ეტაპზე კობახიძე-მდინარაძის ჯგუფთან დაახლოებული პირები, რომლებიც იმნაირადვე გააგრძელებენ ფულის შოვნას. დღეს ხომ ამბობენ, რომ ქარსელაძე ლილუაშვილთან დაახლოებული პირი, მისი კლასელი და მეჯვარე ყოფილა. სწორედ ამგვარ ერთგულ ხალხს მოიყვანს თანამდებობებზე დღეს დომინირებული სახელისუფლებო კლანიც. კორუფციული სქემები შეიძლება ცოტა გადაალაგონ – თუ დღეს საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი 11 მილიონიდან 9 მოიპარეს, შემდგომ შეიძლება ამდენი ვეღარ გაბედონ და 11 მილიონის ნახევარი ან მესამედი მოიპარონ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“კორუფციის დამარცხებას მხოლოდ ვიღაცების დაპატიმრებები არ ჰყოფნის. მთლიანად სისტემაშია საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასაც “ქართული ოცნება” არ აპირებს და არც ეცდება. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს პროცესები დიდი დარტყმა იქნება “ქართული ოცნებისთვის”. კობახიძემ არ იცოდა, რომ კორუფცია იყო აქამდეც მათ ხელისუფლებაში? – რა თქმა უნდა, იცოდა, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილმაც იცოდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება უკიდურესად კორუმპირებული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ამ ხელისუფლების რიგებში ჩადგა, თუმცა, როგორც კი მიხვდა, რომ კორუფციასთან ბრძოლით დიდი მხარდაჭერის მოპოვება შეიძლებოდა, მან ეს ბრძოლა გამოაცხადა. იმავეს გამეორებას ცდილობს კობახიძე, თუმცა ცოტა სხვა რაკურსით. თუ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი მომავალი ერთი წლის განმავლობაში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებენ, ჩემი აზრით, მაშინ ეს იმიტირებული ბრძოლა მათ სასარგებლოდ კარგად იმუშავებს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლება გვეუბნება, რომ მიმდინარე პროექტების ნახევარზე მეტი პრობლემურია. წესით, მან ახლა ყველა პროექტი სათითაოდ უნდა გადაამოწმოს, რაც უფრო მეტი დაუჯდება ქვეყანას, ვიდრე ამ პროექტებიდან მოპარული ფული. ღმერთმა დაგვიფაროს რაიმე მასშტაბური უბედურებისგან, თუმცა ამ თვალსაზრისით ღმერთის იმედზე თუ ვიქნებით მხოლოდ, რადგან დიდად არ მჯერა, რომ ამ პროექტებს სერიოზული ექსპერტიზა, დიაგნოსტიკა ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება უნდა დაიწყოს. აპირებს კი ამას ინფრასტრუქტურის მინისტრი? მარტო განცხადება, რომ მისი წინამორბედი არასწორად იქცეოდა და დანაშაულს სჩადიოდა, საკმარისი არ არის. რომ გვეუბნებიან, ვადა გადასცილდა, უხარისხოდ გაკეთდაო და ა.შ., ჩვენ რა უნდა ვქნათ, რა შეგვიძლია? კეთილი ინებონ და ისიც თქვან, შექმნილი პრობლემების გამოსწორებას და სავარაუდო საფრთხეების თავიდან აცილებას როგორ აპირებენ”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“რამე რომ მოხდეს, ამას ვერ უშველის მხოლოდ სოხაძის განცხადება, რომ ვიღაცამ ფული მოიპარა და რაღაც არასწორად აშენდა. რადგან შენ ხარ მინისტრი, ხელისუფლება, და იღებ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, კეთილი ინებე და ისიც თქვი, ამ ყველაფრის გამოსწორებას როგორ აპირებ. ძალიან კი ცდილობენ აიცილონ პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ მოპარულ მილიონებსა და უხარისხო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ დღევანდელ ხელისუფლებას, რომლის ნაწილიც ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ქარსელაძე, ტაბიძე და ა.შ. სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ… ტყუილად ამბობს შარმანაშვილი, რომ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე თურმე გახარიაა პასუხისმგებელი. სასაცილოა ეს განცხადება. ყველამ კარგად იცის, რომ გახარიას არავინ ეკითხებოდა, ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრად დანიშნავდა ივანიშვილი თუ პრემიერობას უბოძებდა. ამ ქვეყანაში არის ერთი პირი, რომელიც პარლამენტსაც ნიშნავს, მთავრობასაც და მათ შორის შარმანაშვილიც მისი დანიშნულია”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“ოცნება” ცდილობს ყველა კონკურენტუნარიანი პარტია აკრძალოს. პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, ამ ეტაპზე ავკრძალავთ იმ პარტიებს, რომელთაც აქვთ გავლენა და გადალახეს ბარიერი, სხვა პატარა პარტიებს ჯერ არაფერს ვერჩით, ვიდრე არ მოძლიერდებიან და როგორც კი გავლენას მოიპოვებენ, მათაც ავკრძალავთო. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩამოაყალიბონ ერთპარტიული, სრული ავტორიტარული მმართველობა. საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანა ფორმალობაა, ეს ხომ არ არის სამართლებრივი პროცესი… როდესაც ახსენებენ დასავლურ ქვეყნებს, ერთი დიდი განსხვავების აღნიშვნა ავიწყდებათ – იქ სასამართლო დამოუკიდებელია და მისი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ არ დგება. ჩვენ კი არათუ დამოუკიდებელი სასამართლო არა გვაქვს, საერთოდ არა გვაქვს სასამართლო. როდესაც მურუსიძე გველაპარაკება სამართლიანობაზე, ეს აბსურდია. “ოცნებას” მოსწონს თუ არა, დღეს ქვეყანაში მის წინააღმდეგ განწყობილი ამომრჩეველი იმდენივე ან შეიძლება მეტიც არის, ვიდრე მისი მხარდამჭერი. პარტიების აკრძალვა ამ განწყობებსა და ამომრჩეველს ვერ გააქრობს. თუ ვინმეს ჰგონია, რეპრესიებით შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, მწარედ ცდება”, – თვლის რესპონდენტი.
“ნებისმიერ აქციას თავისი ამოცანა და რესურსი აქვს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ დადებითად ან უარყოფითად მუშაობს. ჩემი შეფასებით, რუსთაველის უწყვეტმა პროტესტმა დიდი შედეგი მოიტანა – მისი დამსახურებაა, რომ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის საკითხი სერიოზულად უდგას და მას, ფაქტობრივად, არავინ აღიარებს. ეს სწორედ იმ უწყვეტი აქციების შედეგია, რაც რუსთაველზე მიმდინარეობს. თუ ადრე, როდესაც ასეთი ხალხმრავალი პროტესტი იყო, მის უკან ლამის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იდგა, დღეს ეს საპროტესტო ელექტორატს ვერ აერთიანებს – ოპოზიციას ეს სერიოზული პრობლემა აქვს. ოპოზიციამ ერთიანი გუნდის შეკვრა რომც მოახერხოს, ის ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანებას ვერ ახერხებს, ეს პრობლემა კი მხოლოდ რუსთაველზე დგომით და იქ მუდმივი საპროტესტო აქციებით ვერ გადაიჭრება. ნებისმიერი პროტესტი გარკვეული დროის შემდეგ ეფექტურობასა და ძალას კარგავს და ჩვეულებრივ რუტინად იქცევა. ამდენად, როდესაც ვამბობთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ რუსთაველი, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“საჭიროა ოპოზიციამ იმაზე იფიქროს, რომ პროტესტი რუსთაველიდან გავიდეს. შეიძლება რუსთაველზე ყოველდღე 200-300 კაცი მივიდეს და ქუჩა კი არ გადაკეტოს, არამედ გააპროტესტოს, მაგრამ თუ პროტესტი მხოლოდ რუსთაველზე გაგრძელდება და ის რეგიონებში არ გადაინაცვლებს, ოპოზიცია ამით ვერაფერს მოიგებს. ამასთანავე, უაღრესად მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა და რატომ მოხდა 4 ოქტომბერს. გასაგებია, ხელისუფლებას რაც უნდოდა, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევის იმიტირებით ფიქრობდნენ, რომ მოიპოვებდნენ დასავლეთის მხარდაჭერას, რაც, მათი გეგმით, რეპრესიებს გაამართლებდა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ოპოზიციის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია კითხვა _ ვინ და რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, გულუბრყვილობა იყო თუ მიზანმიმართული ქმედება? მე რაღაც არ მჯერა, რომ როდესაც პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლა გამოცხადდა, ის ყველა ლიდერი, რომლებიც ორგანიზატორებად არიან მიჩნეული, საქმის კურსში იყო. სხვათა შორის, ამ “მშვიდობიან დამხობაზე” დიდწილად 2 კაცი ლაპარაკობდა _ ხაბეიშვილი და ბურჭულაძე. მე არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ, მგონია, რომ ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, რა მოხდა და ამას პოლიტიკური შეფასება მაინც მისცეს”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
ევროსაბჭოს შემდეგ ევრონესტიც – საქართველი კიდევ ერთ საპარლამენტო ორგანიზაციაში აჩერებს მუშაობას
“საქართველოს დელეგაცია ევრონესტის სესიებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. იანვრის შემდეგ კი საქართველოს დელეგაცია აღარ მონაწილეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებშიც. რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის და რამდენად გამართლებულია საქართველოს ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა? საპარლამენტო ასამბლეა ევრონესტი ევროკავშირისა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების საპარლამენტო ორგანიზაციაა. საქართველოს დაარსებიდან, 2011 წლიდან მისი წევრია და რეგულარულად მონაწილეობდა სესიებში. ბოლო სესიის მუშაობაში, რომელიც ორიოდე დღის წინ ერევანში გაიმართა, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ამავე სესიაზე საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადება მიიღეს, რომელიც “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეამ პარასკევს გამოაქვეყნა. რეზოლუციაშია აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. სწორედ ამ რეზოლუციას მოყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროსაბჭოს შემდეგ ევრონესტიც – საქართველი კიდევ ერთ საპარლამენტო ორგანიზაციაში აჩერებს მუშაობას.
“ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია… საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “გაყალბებულად”, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი “თვითგამოცხადებულად” მოიხსენიებს. აგრეთვე, პოლიციელებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავმდამსხმელ პირებს, რომელთა მიმართაც დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, “პოლიტიკურ პატიმრებს” უწოდებს… ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში”, – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პაპუაშვილი მოუწოდებს ევროპარლამენტს პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ. საქართველოს ყოველთვის კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება, ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში”, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს”, – განაგრძობს გამოცემა.
“საქართველოს არმონაწილეობა ევრონესტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოწვეულია იმით, რომ იქ საქართველოს დელეგაციას პირდაპირ დესტრუქციას უწყობენ. იქ იმიტომ იწვევენ, რომ საჯაროდ შეარცხვინონ, გაამათრახონ და შესაბამისად, ძალიან ცუდ კონტექსტში წარმოაჩინონ. მე პირადად საქართველოს ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, არც მე მივიღებდი მონაწილეობას, რადგან რა აზრი აქვს მონაწილეობას, თუნდაც იმის გამო, რომ თავის მართლება მოუწიოთ ევროპარლამენტარების წინაშე, როცა წინასწარ იცი, შენს სიმართლეში მათ ვერ დაარწმუნებ. სხვათა შორის, ეს არაერთხელ მომხდარა. ვცდილობ ხელისუფლების ტყავში ჩავძვრე და მათი პოზიციიდან შევხედო საკითხს. მათი მხრიდან არანაირი მნიშვნელობა აქვს სესიებში მონაწილეობას. ამით ხელისუფლებას პოლიტიკურად, რეპუტაციულად, პროპაგანდისტულად უფრო მეტი ზიანი ადგება, ვიდრე იქ ჩასვლა და ფორმალურად დასწრებაა. მონაწილეობის მიღებას მაშინ აქვს აზრი, როცა ამით სასარგებლო შედეგი დგება, ან ყოველ შემთხვევაში, ობიექტურ გაწვევას აქვს ადგილი. ევრონესტმა ისეთი რეზოლუციები მიიღო, რომლითაც, ფაქტობრივად, სახელისუფლებო შტოებს არ აღიარებს. აქედან გამომდინარე, მათ მიერ არაღიარებულმა დელეგაციამ რატომ უნდა მიიღოს მონაწოლოება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
მამუკა მამულაშვილი – “უკრაინას არა აქვს იმ რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღება, რომელიც საჭიროა ამ ომის დასრულებისთვის”
“ფრონტის ხაზზე მძიმე მდგომარეობაა, რადგან, როგორც ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში, უკრაინა ახლაც საკმარისად ვერ მარაგდება, შეიარაღებაში, ამუნიციასა და სხვა სპეციფიკურ საშუალებებში დიდია დანაკლისი. თუმცა გადაჭარბებულია იმის თქმა, თითქოს რუსეთს დიდი წინსვლა აქვს. რაც შეეხება პოკროვსკს, დიახ, იქ ახლა მძიმე ვითარებაა, მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა ამ საკვანძო ადგილისთვის, რომელსაც უკრაინელები უკვე ერთი წელია თავდადებით იცავენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ახლა დაახლოებით 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი. რუსები დანაკარგს არ ერიდებიან, მეორე მხრივ, უკრაინელი მებრძოლები, მათ შორის “ქართული ლეგიონი” ცდილობს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების განადგურებას ან განდევნას. ცოტა ხნის წინ ჩვენებმა სამხედრო დაზვერვის დესანტი “შავი ქორი” გადასხეს. ვნახოთ, რა მოხდება…” – აცხადებს “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკრაინას არა აქვს იმ რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღება, რომელიც საჭიროა ამ ომის დასრულებისთვის”.
“რთულია ვითარება მთლიანად უკრაინაში. რუსეთი ცდილობს კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას, ბევრი ობიექტია დაზიანებული კიევშიც, მაგრამ ევროპელები გვეხმარებიან ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების აღდგენაში. წინ გველის რთული ზამთარი, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა შესაძლებელია, უკრაინელებმა ევროპელების დახმარებით უკვე მრავალჯერ შეძლეს ეს. რუსეთის მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებითა და ქალაქების დაბომბვით მოსახლეობაში შიში დანერგოს, რათა უკრაინა დანებდეს და კრემლმა გავლენა მოიპოვოს ქვეყნის პოლიტიკაზე. რაც შეეხება პოკროვსკს, ის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კვანძია როგორც უკრაინის, ისე აგრესორისთვის. მისი დაკარგვა დნეპრის ოლქისთვის დიდი საფრთხეა: ქალაქი ძალიან ახლოსაა რეგიონის საზღვართან და რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე მტრის არტილერიის რადიუსში მოხვდება. ლოჯისტიკურად ეს კვანძი განსაზღვრავს ძალების გადაადგილებასა და მომარაგებას, მისი კონტროლის დაკარგვა უკრაინის თავდაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს. მდგომარეობა ურთულესია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა მამულაშვილი.
“ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რას გადაწყვეტს ტრამპი. ის ხშირად ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. იგივე მოხდა “ტომაჰავკების” შემთხვევაშიც, თავიდან საუბარი იყო მათი გადაცემის შესაძლებლობაზე, შემდეგ უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ არ სურდათ ისეთი რაღაცების გაცემა, რაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. ახლა ისევ დაიწყეს საუბარი ამ იარაღის გადმოცემის აუცილებლობაზე. სამწუხაროდ, ვეღარ დავეყრდნობით აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას და მით უმეტეს, პრეზიდენტის პოზიციას. არადა, ამერიკული ტომაჰავკები, რომლებსაც 1600 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ, მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანდა ფრონტის ხაზზე. ტრამპის მუქარებს პუტინი სერიოზულად აღარ აღიქვამს. რაც შეეხება ომის მშვიდობიანად დასრულების შესაძლებლობას, ტრამპი ამ თემაზე ისე ლაპარაკობს, ეტყობა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენაც კი არა აქვს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მართალია, ტრამპს მშვიდობისმყოფლის მანტიის მორგება სურს, მაგრამ რეალურად კარგი მომლაპარაკებელი არ არის. თუ მართლა სურს სისხლის ღვრის შეჩერება, უკრაინას შეიარაღება უნდა მისცეს. ბოლო დროს ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ამერიკამ სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანია “როსნეფტსა” და “ლუკოილს”. ეს რუსეთისთვის დიდი დარტყმაა. ბევრი რამ დამოკიდებულია ენერგორესურსებსა და საწვავზე, რომლითაც რუსულ ტექნიკას ამარაგებენ. სწორედ აქ გადის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხაზიც. უკრაინამ უკვე დაიწყო დრონების ერთობლივი წარმოება ევროპულ პარტნიორებთან. ეს აპარატები ძალიან დიდ მანძილზე მოქმედებენ და შეუძლიათ ლოგისტიკური და სტრატეგიული ობიექტების დაზიანება რუსეთის ღრმა შიდა ტერიტორიაზეც. შესაბამისად, მსგავსი ოპერაციები აუცილებლად გაგრძელდება. პირველადი სამიზნეები კვლავ იქნება ნავთობგადამმუშავებელი და ენერგეტიკული ობიექტები, ქარხნები, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის ჯარს საწვავითა და რესურსებით”, – ამბობს “ქართული ლეგიონის” მეთაური.
“ცოტა ხნის წინ უკრაინელებმა “ნეპტუნის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს ორიოლის თბოელექტროსადგურსა და ნოვობრიანსკის ელექტროქვესადგურს. ორივე ობიექტი რუსეთის ენერგოსისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. უკრაინელებს მსგავსი სიურპრიზები რუსებისთვის კიდევ აქვთ. უკრაინელები არასდროს ესხმიან თავს სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა, ჩემი აზრით, მოსკოვმა, როგორც “ბოროტების იმპერიის” გულმა, უნდა იგრძნოს ისეთივე ტკივილი და სიმწარე, როგორსაც უკრაინელები განიცდიან. ვიდრე რუსი ხალხი საკუთარ თავზე არ იგრძნობს ომის შედეგებს, ვერ გაიაზრებს, რა ფასს იხდიან სხვები მათი აგრესიის გამო… არის მონაკვეთები, სადაც უკრაინელებს აქვთ უპირატესობა და კონტრშეტევითი ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს, მაგალითად, სუმის რეგიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს. ამასთან, უკრაინულ ძალებს ჩრდილოეთის მიმართულებით აქვთ წინსვლა, რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს. ვერ ვიტყვი, რომ რუსეთს რომელიმე მიმართულებით აშკარა უპირატესობა აქვს, გარდა ამუნიციისა და შეიარაღების რაოდენობისა. უკრაინელ ხალხს მხოლოდ იარაღი სჭირდება, საბრძოლო შემართება საკმარისზე მეტი აქვს”, – დასძენს მამუკა მამულაშვილი და შეკითხვაზე – “უკრაინაში თუ იციან, რომ რუსები “ქართული ბატალიონის” შექმნას გეგმავენ?” – პასუხობს:
“რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციამ ჩვენამდე უფრო ადრე მოაღწია. რუსებს “ქართული ლეგიონის” ანალოგის შექმნა სურთ, თუმცა ვერ შეძლებენ. მათ რამდენიმე მიზანი აქვთ: ალაფად ხელში ჩაგდებული დასავლური ტექნიკის სამართავად პროფესიონალები სჭირდებათ და მეორე – სურთ უკრაინელებს დაანახონ, თითქოს ქართველები მათ მხარესაც იბრძვიან”.
გახარიას პარტიამ “თავი გადაირჩინა”, მაგრამ თავად გახარია შეიძლება მაინც დააკავონ
“ყოფილ პრემიერ ირაკლი გახარიასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მისი დაკავება გამორიცხული არ არის. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიას მიმართ ბრალდებები და კითხვები კვლავ არსებობს. ხოლო ექსპერტების შეფასებით კი, მისი დაბრუნება ჩორჩანას საქმეზე ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გახარიას გუნდში პარტიის დამფუძნებლის საქართველოში დაბრუნებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან საზღვარგარეთ იმყოფება, ძირითადად გერმანიაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ბინადრობის ნებართვაც მიიღო. გახარიამ საქართველო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოცხადებაზე. თავად ის კომისიის წინაშე ოჯერ წარსდგა. აქედან მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნის დროს, ონლაინ რეჟიმში”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახარიას პარტიამ “თავი გადაირჩინა”, მაგრამ თავად გახარია შეიძლება მაინც დააკავონ.
“ერთი კვირის წინ ექსპრემიერის პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” შეწყვიტა ბოიკოტის რეჟიმი – მისი 12 დეპუტატი პარლამენტში შევიდა და სხვადასხვა რეგიონალურ საკრებულოებში პარტიის წარმომადგენლებმა ასევე განაახლეს მუშაობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ “გახარია საქართველოსთვის” სწორედ ამის წყალობით გადაურჩა საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრას, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობა 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. თუმცა, უშალოდ გიორგი გახარიასადმი ხელისუფლების მიდგომა არ შეცვლილა. “სამართლებრივად პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან მთავარი საყრდენი სარჩელში იყო სწორედ საბოტაჟი და გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას. თუმცა ის ბრალდებები, რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალაში რჩება – იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში”, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ გახარიას საქართველოში დაბრუნება და შესაბამისად, მისი დაკავება-არდაკავების საკითი ჩორჩანას საქმეზეა დამოკიდებული. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ჩორჩანას საქმე თუ არ შეწყდება გახარია არ უნდა დაბრუნდეს. “ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩორჩანას საქმე გაგრძელდება თუ შეწყდება. გახარია თუ დაბრუნდება, ელოდება პატიმრობა, თანაც ალბათ უფრო მძიმე მუხლით, ვიდრე ეს არის მიტინგებში და პროტესტში მონაწილეობა და ა.შ. ამიტომ, ეს პირდაპირ დამოკიდებულია ამაზე. თუ შეწყდება საქმე ჩორჩანასთან დაკავშირებით, გახარიას აქვს საშუალება დაბრუნდეს, თუ არ შეწყდება – ალბათ, არ დაბრუნდება და მგონია, რომ სწორიც იქნება, რადგან ახლა გახარიას ციხეში ჯდომას არანაირი შედეგი არ მოაქვს არც თავად გახარიასთვის, არც მისი გუნდისთვის და არც ქვეყნისთვის”, – თვლის ანალიტიკოსი და კითხვაზე, თუ რამდენად შედის დღეს გახარიას დაკავება “ოცნების“ ინტერესში, ამაზე პასუხობს: “ვფიქრობ, ამას არ აქვს ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა. ხელისუფლებას სურს აჩვენოს თავისი ძალა, რომ არის უკომპრომისო და შეურიგებელი ყველას მიმართ. ამიტომ, თუ ხელისუფლებას გახარიას დაპატიმრება არ აწყობს, ის უბრალოდ შეწყვეტს ჩორჩანას ამ გამოგონილ საქმეს, თუმცა თუ საქმე გაგრძელდება, ესე იგი ხელისუფლება გახარიას პატიმრობაზე წამსვლელია”, – წერს სტატიის ავტორი.
გიორგი გობრონიძე – “რუსეთმა უკრაინაში ომი რომც წააგოს, კრემლის რევანშისტული დღის წესრიგი იგივე დარჩება”
“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ “მოსკოვი ნებისმიერ ფასად შეეცდება კავკასიაში მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას”, ამისთვის კი გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტს. ლავროვის ტონისა და განცხადების ქვეტექსტიდან ჩანს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი სამხედრო ზომების გამოყენებასაც არ გამორიცხავს. უბრალოდ, ამ ეტაპზე კრემლს არ სცალია. კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტება აშკარაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი რეგიონიდან გაქრა, ის კვლავ აქ არის და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი კავკასიის მიმართ არსებითად არ შეცვლილა. თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინულ ტერიტორიებს და დასავლეთი ნაწილობრივ მაინც მოუხსნის სანქციებს, კრემლში გაჩნდება “გამარჯვების განცდა”. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის რევანშს სამხრეთ კავკასიაში”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკვე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო “ცივი ომის” ახალ ფაზაშია შესული”.
“მოსკოვში პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთი სახელმწიფო არ განიხილება როგორც სრულფასოვანი სუვერენული პარტნიორი და ჩვენ მათთვის ტერიტორიული დანაკარგი ვართ, რუსეთმა უკრაინაში ომი რომც წააგოს, კრემლის რევანშისტული დღის წესრიგი იგივე დარჩება. ეს არ ნიშნავს საფრთხეების გაქრობას, ეს იქნება მხოლოდ მათი დროებითი გადავადება. კავკასიის რეგიონს დღეს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება სამმხრივი პარტნიორობის ჩარჩო. საჭიროა თანამშრომლობის გეგმა, მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები და ამ სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახლო კავშირი, მჭიდრო თანამშრომლობა და საკუთარი ინტერესების საერთო ფრონტით დაცვა. ამის გარეშე, როგორი დინამიკითაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, რუსეთი ყოველთვის გამონახავს ძალას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ყველაფრის ასარევად. უნდა გვესმოდეს: რუსულ ეროვნულ პროექტში არსად წერია სუვერენული საქართველოს, სუვერენული სომხეთის და სუვერენული აზერბაიჯანის არსებობა. რუსეთის ნაციონალური იდეა, ყველაზე “დამთმობ” ვარიანტშიც კი, მხოლოდ ერთია – ამ ქვეყნების არსებობა რუსეთის სატელიტებად”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“რაც შეეხება ზანგეზურს, ამ პროექტისთვის ტრამპის სახელის დარქმევა მხოლოდ სიმბოლურია. ტრამპმა ჯერ ის უნდა გაარკვიოს, სად არის საერთოდ აზერბაიჯანი… მისი დაინტერესება ამ თემით მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ შეიძენს, როცა გამოიკვეთება ამერიკის რეალური პოლიტიკა კავკასიის მიმართ. ჯერ ასეთი პოლიტიკა არ ჩანს, ფაქტობრივად, არც არსებობს. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები შეჩერებულია სწორედ ამერიკის ინიციატივით, თითქოს თბილისში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ მიზეზია. საუდის არაბეთშიც არ ყვავის დემოკრატია, მაგრამ ის ამერიკისთვის სხვა კალიბრის პარტნიორია. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის დაინტერესება კავკასიით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამ ეტაპზე ვაშინგტონის სამი მთავარი პრიორიტეტია: პირველი – უკრაინა, მეორე – ახლო აღმოსავლეთი და მესამე ახლახან გამოიკვეთა – ლათინური ამერიკა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამ სამმა მიმართულებამ პრაქტიკულად ჩაანაცვლა კავკასია ამერიკის სტრატეგიულ რუკაზე. ჩვენი რეგიონი ახლა გაცილებით საინტერესოა ევროპული თანამეგობრობისთვის და სწორედ ამ ინტერესით ცდილობს მანიპულირებას საქართველოს ხელისუფლება. “ქართული ოცნება” დასავლეთს ეუბნება: “მიგვიღეთ ისეთებად, როგორიც ვართ, იმიტომ, რომ თქვენ უფრო გჭირდებით”. ეს არის ის პოლიტიკა, რასაც ახლა ვხედავთ. რაც შეეხება ტრამპს, სანამ არ გავიგებთ, რაში მდგომარეობს მისი პოლიტიკა კავკასიის მიმართ, სერიოზულ მსჯელობას აზრი არა აქვს. ამ ეტაპზე ტრამპის მთავარი ამოცანა მარტივია: ფურცელზე ჩაიწეროს რაც შეიძლება ბევრი ომის დასრულება, რათა ოდესმე ეღირსოს ის, რაზეც წლებია ოცნებობს – ეს არის ნობელის პრემია”, – განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“მას შემდეგ, რაც ტრამპი და პუტინი უნგრეთის დედაქალაქში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა განეხილათ უკრაინაში ომის დასრულების გზები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც ხაზგასმულია კონფლიქტის “ძირეული მიზეზების” მოგვარების უცვლელი მოთხოვნები, რაც მოიცავს ტერიტორიულ დათმობებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მკვეთრ შემცირებას და გარანტიებს, რომ ის არასდროს შეუერთდება ნატოს. რუსულ დიპლომატიას ყოველთვის ახასიათებდა ე.წ. პერმანენტული უხეში ვაჭრობის ტაქტიკა – მოსკოვი ითხოვს ყველაფერს, რათა მიიღოს მცირე. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი კვლავ უკიდურესად ხისტ პოზიციაზე იქნება და მოითხოვს მაქსიმალურ დათმობებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დღის წესრიგის შესაბამისად. თუმცა მთავარი პრობლემა, რომელსაც დასავლეთი წლებია უშვებს და როგორც ჩანს, ამჯერად ამერიკამაც დაუშვა, არის ის, რომ ვერ აფასებს რეალურად, რამდენად დიდ რისკზეა წამსვლელი რუსეთი უკრაინასთან ომში და რა ფასის გადახდა შეუძლია მიზნის მისაღწევად”, – დაასკვნის გიორგი გობრონიძე.
“რუსული არმიის დანაკარგი უკვე მილიონზე მეტია. შესაბამისად, რუსეთმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ უკან არ დაიხიოს, ისევე როგორც უკრაინამ, რომელსაც აღარ აქვს უკან დასახევი გზა. ამიტომ არ უნდა ველოდოთ ომის სწრაფ დასრულებას. პირიქით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ომი შესაძლოა გაგრძელდეს და, სამწუხაროდ, უფრო მეტ ნგრევას, სიკვდილსა და ტკივილს მოიტანს. რაც უფრო გრძელდება ომი, მით უფრო იზრდება დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის. დღეს უკვე ლაპარაკია შესაძლო აგრესიაზე ნატოს წევრ ქვეყნებში. ნატოს ლიდერები აცხადებენ, რომ თუ რუსეთი გაბედავს რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას, თუნდაც ბელგიაზე, მოსკოვი “მიწასთან გასწორდება”. მსგავსი განცხადებები არასდროს მოგვისმენია. ამ ფონზე განახლდა შეიარაღების რბოლა, მსოფლიო გლობალური დაძაბულობის ახალ ფაზაში შედის და უკვე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო “ცივი ომის” ახალ ფაზაშია შესული, თუმცა ამჯერად გაცილებით მრავალშრიანი ფორმით, ვიდრე წარსულში”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“თუ წინა “ცივი ომის” დროს უთანხმოება ორ მკაფიოდ დაპირისპირებულ ბანაკს შორის მიმდინარეობდა, ახლა სურათი ბევრად კომპლექსურია: ერთ მხარეს არის რუსეთი – მუდმივი სამხედრო საფრთხის წყარო; მეორე მხარეს – ჩინეთი, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს გახდეს გლობალური ეკონომიკური ჰეგემონი. მესამე მხარეს არის დასავლური თანამეგობრობა, რომელიც, ერთი მხრივ, ცდილობს შეასუსტოს რუსეთიც და ჩინეთიც, მეორე მხრივ კი გაუმკლავდეს საკუთარ შიდა გამოწვევებსა და გეოპოლიტიკურ საფრთხეებს. ამიტომ რუსულ პოზიციაში მოულოდნელი არაფერია. პირიქით, გასაკვირი იქნებოდა, სხვაგვარად მოქცეულიყო. რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას, გაუგებარია, რატომ სჯერათ, რომ სანქციების მეცხრამეტე თუ მეოცე პაკეტი მოსკოვს აიძულებს უკან დაიხიოს. მიდგომა, თითქოს რუსეთი ეკონომიკური პრობლემების გამო ომს შეწყვეტს, ფუნდამენტურად არასწორია. საბჭოთა კავშირში, სადაც ყველაფრის დეფიციტი იყო, ქვეყანა მაინც იყო პირველი კოსმოსური სახელმწიფო და უდიდეს ბირთვულ არსენალს ფლობდა”, – თვლის გიორგი გორონიძე და შეკითხვაზე – “ბოლო მოვლენებმა თითქოს ახალი ტენდენცია აჩვენა, ტრამპმა და სი ძინპინმა მიაღწიეს სავაჭრო შეთანხმებას…” – პასუხობს:
“ჩინეთი ყოველთვის ახერხებს ისე აწარმოოს საერთაშორისო დიპლომატია, რომ წამგებიან პოზიციაში არ აღმოჩნდეს. გადავხედოთ მოცემულობას – ჩინეთი ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი ბაზარია. თავად რუსეთიც კი ჩინეთისთვის იყო არა პირველი და მეორე, არამედ რესურსების მერვე ან მეათე მიმწოდებელი, მაშინ როცა ჩინეთი რუსეთისთვის ბუნებრივი აირის მეორე ბაზარს წარმოადგენდა გერმანიის შემდეგ”.
“თუ ამ შემთხვევაში რუსეთი ჩინეთისთვის ამერიკით ჩანაცვლდება, აშშ მიიღებს უზარმაზარ ბაზარს, ხოლო ჩინეთი – ერთ-ერთ მსხვილ ახალ მიმწოდებელს. ვინ რჩება მოგებული? ის, ვინც საკუთარი ბაზრის მოცულობით იზიდავს მიმწოდებელს და საჭიროების შემთხვევაში მარტივად ანაცვლებს მას, თუ ის, ვინც ერთ დიდ ბაზარზე დამოკიდებული ხდება? რაც შეეხება რუსეთს, ბუნებრივია, ეს პროცესი მისთვის რთული იქნება. თუმცა კვლავ მივდივართ მთავარ კითხვამდე: რა ფასის გადახდისთვის არის მზად რუსეთი? არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რუსეთში ეკონომიკური და სოციალური უკმაყოფილების გამო სახალხო აჯანყება დაიწყება და ომი ამით დასრულდება. რუსეთში ვისაც ფული აქვს, ქვეყნიდან გადის, ვისაც არა, მისი ცხოვრება არც შეიცვლება. მოსკოვისა და პეტერბურგის მიღმა მოსახლეობამ შესაძლოა საერთოდ ვერ იგრძნოს სანქციების ეფექტი. მაგალითად, მაგნიტოგორსკელებისთვის არაფერია შეცვლილი იმის გამო, რომ “ეფლი” გავიდა რუსეთის ბაზრიდან. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომის ყურება”, – დასძენს გობრონიძე.




