ბაქოში დასრულდა ყარაბაღის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო საგამოძიებო პროცესები

ბაქოს სამხედრო სასამართლოში დასრულდა სასამართლო გამოძიების ეტაპი მთიანი-ყარაბაღის 15 ყოფილი ხელმძღვანელისა და იმ მოქალაქეების საქმეში, რომლებიც სამხედრო დანაშაულებში არიან ბრალდებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას APA ავრცელებს.
საქმეში ფიგურირებს 20-ზე მეტი საბრალდებო მუხლი და 2500-ზე მეტი ეპიზოდი. ივლისის სხდომებზე დაზარალებულები ყვებოდნენ, “როგორ მოხვდნენ სომეხი სამხედროებს ტყვეობაში და რა წამებებს გადიოდნენ”.
ბრალდებულებს შორის არიან ყოფილი „პრეზიდენტები“ – არაიკ არუთიუნიანი, ბაკო სააკიანი და არკადი გუკასიანი; ასევე ყოფილი სპიკერი დავით იშხანიანი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარნის საქმე გამოყოფილია და ცალკე იწარმოება.
31 ოქტომბრის სხდომაზე მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა სასამართლო გამოძიების დასრულებაზე, და როგორც ბრალდებამ, ისე დაცვამ განაცხადეს, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. შემდეგ სხდომაზე მხარეთა გამოსვლები დაიწყება.
სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ ბრალდებულები, მათი ადვოკატები, დაზარალებულები და მათი წარმომადგენლები, ასევე პროკურორები.
დავით მანუკიანმა სასამართლოს სთხოვა, მოხსნილიყო მისთვის წარდგენილი ბრალდება დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში და საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. ანალოგიური შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატმა მადათ ბაბაიანმა წარადგინა, სასამართლომ განუხილავად დატოვა.
2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც მოხდა არმიის განიარაღება და 2024 წლის 1 იანვარს მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. სომხეთში 100 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გადავიდა.