ჰამასმა ისრაელს ორი მოკლული მძევლის გვამები აჩვენა

რადიკალურმა პალესტინურმა ორგანიზაცია ჰამასმა, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულად არის მიჩნეული, ორშაბათს გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ორი ისრაელელი მძევალი. ამას წინ უძღოდა ჰამასის ულტიმატუმი, რომ თუკი არ შეწყვეტს ღაზის დაბომბვას, მძევლები მოკლულ იქნებიან.
როგორც Reuters-ი იტყობინება, ვიდეოში აღბეჭდილია 53 წლის იოსი შარაბისა და 38 წლის იტაი სვირსკის გვამები. თავიდან ისინი ცოცხლები აჩვენეს კვირას გავრცელებულ ვიდეოში.
ორშაბათს ასევე აჩვენეს მესამე ისრაელელი მძევალი, 26 წლის ქალი, ნოა არგამანი. პირველი ორი მძევლის შესახებ ვიდეოს კომენტარში ნათქვამია, რომ ისინი თითქოს ისრაელის არმიის დარტყმების შედეგად დაიღუპნენ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა პალესტინელ ექსტრემისტებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დასდო ბრალი.
სამივე ისრაელელი იმ 240 მძევალს შორისაა, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა 7 ოქტომბერს აიყვანეს ისრაელის სამხრეთ რაიონებზე მოულოდნელი თავდასხმისას. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასევე 1200 ისრაელელი.
ხელში ჩაგდებულ მძევალთა დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლეს ნოემბრის ხანმოკლე ზავის დროს. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში რჩება 132 ადამიანი, 25 კი ჰამასის ტყვეობაში დაიღუპა.
კვირას, როცა სამი ისრაელელი მძევალი პირველად აჩვენეს ვიდეოკადრებში, ჰამასის წარმომადგენლებმა ისრაელის ხელისუფლებას მოსთხოვეს ღაზაზე საჰაერო და სახმელეთო დარტყმების შეწყვეტა. მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში სამ მძევალს გაათავისუფლებდნენ. ისრაელის მხარისადმი მიმართვაში ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც შეპყრობილი ჰყავდა მძევლები, თქვა: „ხვალ, ორშაბათს, შეგატყობინებთ მათ ბედს“.
მომდევნო დღეს ჰამასმა, რომელიც განაგრძობდა ისრაელზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელშიც დაჯგუფებამ აჩვენა სამი მძევლის სახეები და სამი ვარიანტი ჩამოთვალა: პირველი – სამივე მოკვდება, მეორე – ვიღაც დაიღუპება, ვიღაც დაიჭრება, მესამე – სამივე ცოცხალი გადარჩება. ისევე, როგორც წინადღით, ჰამასის წევრებმა გააფრთხილეს ისრაელი: „საღამოს შეგატყობინებთ მათ ბედს“.
Reuters-ის ინფორმაციით, ორშაბათს ისრაელის არმია განაგრძობდა სროლას ღაზაში მდებარე ობიექტების მიმართულებით და ჰამასის მეომრებთან ბრძოლებს აწარმოებდა სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში.
თორმეტი პალესტინელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა წუხელ ისრაელის მიერ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში სახლზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად, იტყობინებიან ადგილობრივი მედიკოსები. Reuters-ის ცნობით, ამავე დროს ისრაელის ტანკები ცეცხლს უშენდნენ სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, სექტორში დაღუპულია 24100-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში