პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე
რატომ აუქმებენ დემოკრატიული სისტემები ოპოზიციურ პარტიებს?
ავტორიტარული რეჟიმები ოპოზიციურ პარტიებს აუქმებენ, რადგან პოლიტიკური ველის სრულად გაკონტროლება სურთ. მათი ამოცანაა სახელისუფლებო ვერტიკალსა და მის ბრძანებებს დაუქვემდებარონ ყველა პოლიტიკური სტრუქტურა – სახელმწიფო ინსტიტუტებიდან დაწყებული, ძალაუფლების არმქონე პოლიტიკური აქტორებით დასრულებული.
დემოკრატიულ სისტემებში პარტიების აკრძალვა სულ სხვა მიზანს ემსახურება.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ჩამოყალიბდა „მებრძოლი დემოკრატიის“ იდეა. აღნიშნული იდეის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ინსტრუმენტებით, რათა ავტორიტარიზმის მომხრეებმა დემოკრატიული მეთოდები მის დასამხობად არ გამოიყენონ. პოსტნაცისტურ დასავლეთში არაერთმა სახელმწიფომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა მუხლი, რომლიც ხელისუფლებას აძლევს ბერკეტებს დემოკრტიული წეს-წყობილების მოწინააღმდეგეთა გასანეიტრალებლად. ევროპელები ამ გზას თავიანთი გამოცდილების საფუძველზე დაადგნენ. გასული საუკუნის 20-30-იანი წლების პერიოდში ნაცისტებისა თუ ბოლშევიკების წყალობით დემოკრატია ხშირად ვერ ახერხებდა სწრაფ და ეფექტიან მოქმედებას, ამიტომ ხალხი მუდმივ და დაუსრულებელ დებატებს, დისკუსიებს, მთავრობის ფორმირების ურთულეს პროცესსა და არასტაბილურობას ძალაუფლების კონცენტრირებას ამჯობინებდა.
🤔 რა საშუალებებს იყენებს მებრძოლი, წინააღმდეგობის გაწევის უნარის მქონე დემოკრატია ექსტრემისტული პარტიების განსაიარაღებლად?
განვიხილოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაგალითი (რაც ვიცი, იმაზე გიყვებით სულ. უკაცრავად). ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი პოლიტიკურ პარტიებს დემოკრატიის განუყოფელ მექანიზმად აღიარებს. აქედან გამომდინარე, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებები მარტივად არ მიიღება და ურთულეს, მრავალსაფეხურიან პროცედურასთან არის დაკავშირებული. პარტიათა აკრძალვის მოთხოვნა მხოლოდ სამ საკონსტიტუციო ინსტიტუტს შეუძლია. პარლამენტის პალატებისა და ფედერალური მთავრობის გარდა პროცედურას სხვა ვერავინ აღძრავს. ბუნებრივია, აუცილებელია, რომ ინიციატივას კონკრეტული ინსტიტუტების წიაღშიც უმრავლესობა უჭერდეს მხარს.
შემდეგ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა, პროცესები წლობით გრძელდება, განაჩენის გამოსატანად კი სენატის მოსამართლეთა ხმების 2/3 საჭირო.
🤔 რა შეიძლება იქცეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის წინაპირობად?
გფრ-ის კონსტიტუციის მიხედვით აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიების არსებობა, რომლებიც: ➡️ თავისუფალ და დემოკრატიულ საბაზისო წესრიგს უქმნიან საფრთხეს ან მისი აღმოფხვრა სურთ.
➡️ ესწრაფვიან სახელმწიფოს დაშლას, მის არარსებობას.
განვიხილოთ თითოეული პუნქტი ცალ-ცალკე:
(1) თავისუფალი და დემოკრატიული საბაზისო წესრიგი სამ ძირითად სვეტს ეყრდნობა: ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, ხელისუფლების არჩევის დემოკრატიულ წესსა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მაშასადამე, თუ პარტია ადამიანებს რაიმე ნიშნით პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ანაწევრებს, სურს თავისუფალი საზოგადოებისა და თავისუფალი არჩევნების გაუქმება, და არ აღიარებს სამართლის უზენაესობას, მის წინააღმდეგ შეიძლება საკონსტიტუციო სარჩელი აღიძრას. თუმცა, მხოლოდ გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ხედვები პარტიის წინააღმდეგ პროცესის დასაწყებად და მის გასაუქმებლად არ არის საკმარისი. გერმანული პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ იმ პარტიებს უწყდებათ რეგისტრაცია, რომლებიც აქტიურად და აგრესიულად, მათ შორის ძალადობის გამოყენებით ებრძვიან წესრიგს და სამართლებრივი სახელმწიფოს დამხობას ცდილობენ; შემუშავებული აქვთ წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა თავისუფალი და დემოკრატიული საბაზისო წესრიგის ჩასანაცვლებლად. (2) მეორე წინაპირობა კი მიმართულია იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც სეპარატიზმის წახალისებას, რომელიმე ფედერალური მიწის სხვა სახელმწიფოსთან შეერთებას ან გერმანიის სხვა ქვეყნის მიერ დაპყრობას შეიძლება ემსახურებოდნენ.
🇩🇪 ფედერაციული რესპუბლიკის 75 წლიანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ორი პარტია აიკრძალა:
🟤 სოციალისტური საიმპერიო პარტია die Sozialistische Reichspartei
ნიურბერგის პროცესის შედეგად გერმანიაში ნაცისტური პარტია და მისი მოკავშირე ორგანიზაციები აიკრძალნენ. ნაციზმის ფორმალური აკრძალვა მოსახლეობის ერთ ნაწილში ფესვგადგმული რასისტული, ანტისემიტური და ძალადობრივი იდეოლოგიის აღმოფხვრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 1940-იანი წლების ჰიტლერის ეპოქის გადარჩენილმა ფუნქციონერებმა ორგანიზება დაიწყეს. სოციალისტური საიმპერიო პარტია ნაცისტურ მემკვიდრეობაზე პრეტენზიის მქონე ერთ-ერთი მთავარი ძალა გახლდათ. პარტიის ლიდერები იყვნენ: ოტო რემერი, 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ პუტჩის მცდელობის სისხლიანი ჩახშობაში ორგანიზატორი, და ფრიც დორლსი, ნაცისტი ისტორიკოსი და მოიერიშე რაზმების ყოფილი წევრი. პარტიის ყრილობებზე მღეროდნენ ნაცისტურ სიმღერებს, მათ შეკრებებს იცავდნენ ხაკისფერ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანები. პარტია ითხოვდა რესპუბლიკის ნაცვლად რაიხის აღდგენას, აღვივებდნენ შუღლს ებრაელთა მიმართ, ორგანიზაციის წევრები ჰიტლერის მმართველობას მოიხსენიებდნენ „ევროპის რევოლუციური განვითარების უმაღლეს წერტილად“, გაზის კამერებს უწოდებდნენ „რევოლუციური ეპოქის მეთოდურ გამოვლინებას“. die Sozialistische Reichspartei (SRP)-ისთვის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები „სამშობლოს შხამის ღირს მოღალატეებს“ წარმოადგენდნენ. პარტიის ქოლგის ქვეშ მოქმედებდა პარამილიტარული დაჯგუფება „რაიხსფრონტი“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ანტინაცისტურ დემონსტრაციებზე გამოსულ სტუდენტებს აწიოკებდა.
1953 წლამდე გერმანიაში საერთო ეროვნული 5%-იანი ბარიერი არ არსებობდა, ამიტომ SRP-ს წევრები სხვადასხვა ულტრამემარჯვენე პარტიების გავლით ბუნდესტაგში აღმოჩნდნენ.
თუმცა, პარტიას ფედერალური დონის წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია. SRP-ს საუკეთესო შედეგი ქვემო საქსონიის ლანდტაგის არჩევნებში ჰქონდა.
სოციალისტური საიმპერიო პარტია საკონსტიტუციო სასამართლომ 1952 წელს, ერთწლიანი განხილვის შემდეგ აკრძალა. პარტიამ არსებობა საზღვარგარეთის არალეგალურ ორგანიზაციად განაგრძო.
🔴 გერმანიის კომუნისტური პარტია (KPD)
კომუნისტური პარტიის აკრძალვას ხუთი წელი დასჭირდა, სასამართლო განხილვები 1951-56 წლებში მიმდინარეობდა. SRP-სგან განსხვავებით KPD რესპექტაბელური ძალა გახლდათ. კომუნისტებმა პირველ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა ხუთ პროცენტზე მეტი მოიპოვეს. წარმოდგენილნი იყვნენ თითქმის ყველა ლადტაგში, ირიცხებოდნენ ზოგიერთი რეგიონალური მთავრობის შემადგენლობაშიც, გამოსცემდნენ გაზეთებს, ფლობდნენ სტამბებს და ა.შ. პარტიის მრავალი წევრი ანტინაცისტურ წინააღმდეგობაში მონაწილეობდა, რაც მოძრაობას პრესტიჟს სძენდა. თუმცა, მოგეხსენებათ, 1950-იანი წლები ურთულესი პერიოდი გახლდათ ევროპისთვის – დაიწყო „ცივი ომი“, კორეაში ყოფილი მოკავშირეები სხვადასხვა მხარეზე აღმოჩნდნენ, სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თავისი რეჟიმის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად იბრძოდა, შეიქმნა კომუნისტების მიერ მართული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც დასავლეთ გერმანიის დესტაბილიზაციისთვის ენერგიას არ იშურებდა, აშშ-ში მაკარტიზმის ეპოქა იდგა. დასახელებულმა ფაქტორები, ბუნებრივია, დრამატულად ზემოქმედებდნენ შიდაევროპულ პოლიტიკურ კლიმატზე. ადენაუერის მთავრობას განზრახვა ჰქონდა, რომ ანტიკომუნისტურ ფორპოსტად წარმოჩენილიყო და ამგვარად მოეპოვებინა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ვაშინგტონისგან. პარალელურად, კომუნისტური პარტია აქტიურად გამოდიოდა გერმანიის რემილიტარიზაციის, შეიარაღების წინააღმდეგ, პარტიის ახალგაზრდული ფრთა მხარს უჭერდა საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. გერმანიის ნატოში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც ხშირად არეულობებით სრულდებოდა. ხანგრძლივი დებატების შემდეგ სასამართლომ საბოლოოდ მაინც დაშალა კომუნისტური პარტია. გერმანია დემოკრატიულ ევროპაში ფაქტობრივად ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც კომუნისტური პარტია აკრძალა. პარტიის წევრებმა გადაჯგუფება მოახერხეს, მალევე მათ დასაყრდენად იქცა „გერმანიის მშვიდობის კავშირი“, რომლის პლატფორმითაც ექს-კომუნისტები მაინც მონაწილეობდნენ სხვადასხვა კენჭისყრებში. 1968 წელს ახალი პარტია DKP დააარსეს, რომელიც აღარ აუკრძალავთ, მაგრამ მის სტურქტურებს დიდ ხანს ზედამხედველობდა უშიშროება. გერმანიაში დღესაც არაერთმნიშვნელოვნად აფასებენ კომუნისტური პარტიის აკრძალვას. მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ჰყავს.
🟠 ნაციონალ-დემოკრატიული პარტია (NPD) – პარტიის ამჟამინდელი სახელწოდებაა Die Heimat
1964 წელს გფრ-ში კიდევ ერთი ულტრანაციონალისტური პარტია NPD დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან არავის ეპარება ეჭვი, რომ ორგანიზაციის ხედვები საფრთხეს უქმნის თავისუფალ და დემოკრატიულ საბაზისო წესრიგს. პარტიის წინააღმდეგ ორჯერ აღიძრა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში, ორივეჯერ წარუმატებლად. თუმცა, სპეცსამსახურები აკვირდებიან გაერთიანების საქმიანობას.
NPD ორმა გარემოებამ გადაარჩინა:
1. მისი სტრუქტურები საკმარისად ძლიერი არ არის, მას არ შესწევს ძალა, რომ საკუთარ ექსტრემისტულ მიზნებს მიაღწიოს;
2. სასამართლო მოითხოვს, რომ განაჩენის გამოტანამდე კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურებმა გამოიყვანონ ყველა ინფორმატორი („V-Leute“) პარტიის ფედერალური და რეგიონული ხელმძღვანელობდან. სასამართლო განაჩენის გამოსატანად ითხოვს, პარტიის გათავისუფლებას სპეცსამსახურების მიერ შეგზავნილი წევრებისგან. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მას კონკრეტული შემთხვევის ზედამხედველობის დროს რომელიმე კანონიერი საშუალების გამოყენებას ვერავინ შეუზღუდავს (პარლამენტს მხოლოდ ის შეუძლია, რომ აირჩიოს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც განსხვავებული ხედვა ექნება).
🔸 შეჯამებისთვის:
➡️ გერმანიაში არასდროს აუკრძალავთ საპარლამენტო პარტია, ან მთავარი ოპოზიციური პარტიები. ➡️ აკრძალული პარტიები მარგინალური პოლიტიკური ძალები იყვნენ და მათი მხარდამჭერთა რაოდენობა 1-2% გახლდათ. ➡️ აკრძალვამ ისინი ძალიან დააზარალა, მაგრამ მათ მაინც მოძებნეს სხვა პლატფორმები, რომელთა დახმარებითაც მუშაობა გააგრძელეს და ახალი ფორმით დაბრუნდნენ პოლიტიკურ სისტემაში. ➡️ აკრძალვის ოფიციალური მიზეზი ყოველთვის იყო არა მმართველ პარტიასთან ან კონსტიტუციურ პრინციპებთან დაპირისპირება, არამედ აქტიური, აგრესიული, ძალადობრივი თავდასხმა თავისუფალ და დემოკრატიულ საბაზისო წესრიგზე. ფოტო: კომპარტიის პლაკატი ვაიმარის ეპოქიდან, წარწერით – “ბოლო მოეღოს ამ სისტემას”



