ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

ამ დღეებში თითქმის ყველა მოქალაქემ მიიღო სმს-ს შეტყობინება, რომ იწურება ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადები და მოქალაქეებმა დროულად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არ უნდათ, რომ დაჯარიმდნენ ქონებრივი დეკლარაციების შეუვსებლობის გამო.

რატომ გახდა ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალური და რამ გააჩინა კითხვა – მეკუთვნის თუ არა მე ქონების გადასახადი? ან რატომ მეკუთვნის?

რა შემთხვევაში იხდის ფიზიკური პირი ქონების გადასახადს და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ ს ესაუბრა, რომელიც ამ თემას ყველაზე აქტიურად ეხმაურება სოციალურ ქსელში.

  • ბატონო რომან, რატომ გახდა განსაკუთრებით აქტუალური დღეს ქონებრივი გადასახადის საკითხი – ადამიანებს რეპრესიულ გარემოში მორიგი ჯარიმების შიში გაუჩნდათ. რაიმე შეიცვალა ამ მიმართულებით?

შარშან ასეთი აჟიოტაჟი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება იგივეა, თუმცა ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა.

მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, ოღონდ ამ შემოსავლების ზრდა არ ნიშნავს მსყიდველუნარიანობის ზრდას. იმიტომ, რომ მარტო სურსათზე 12%-ით გაიზარდა ინფლაცია. ზე  – 10%-ით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხელფასიც იზრდება, მაგრამ ინფლაციის ხარჯზე და უკვე ძალიან ბევრი მოქალაქის წლიურმა შემოსავალმა მიაღწია 40 000 ლარს, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ვალდებულია, შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი.

ზოგს ეგონა, რომ 40 000 ლარი შემოსავალი ეს არის ერთ პირზე, თუმცა კანონი გულისხმობს საოჯახო შემოსავალს. მაგალითად, თუ ოჯახში მუშაობს სამი ადამიანი, შესაძლოა სამივეს წლიური შემოსავალი იყოს 40 ათასზე მეტი ლარი და მოუწიოთ გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარზე მდგომიც კი იყოს.

ასეთი ოჯახი ბევრია ქვეყანაში და უკვე ძალიან ბევრს შეეხო ეს კანონი.

მეორე ფაქტორია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკვე უჭირს ბიუჯეტის შევსება საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ იზოლაციის სუსხი ჯერ კიდევ არ გვიგრძნია ბოლომდე. მომავალ წელს ამ საშინელ კრიზისს ნათლად დაინახავს ქვეყანა, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და რეპრესიების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოექცევა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში. ძალიან ცუდი პასუხი მოჰყვება ამას დასავლეთისგან, ქვეყანაში ინვესტიციები გაჩერდება, ბიუჯეტს გაუჭირდება და ხალხი იგრძნობს, რომ დღეს თუ ხვალ მათაც მიადგებიან.

თავად “ქართული ოცნებაც“ გრძნობს ამას, რომ მომავალ წელს გაუჭირდება ბიუჯეტის შევსება და ამიტომაც დაუგზავნა მოქალაქეებს სმს-ები, ყველას, ვისაც ეკუთვნოდა ან არ ეკუთვნოდა დეკლარაციების შევსება.

გუშინ ერთმა დამირეკა და მკითხა, მეც უნდა შევავსო? რადგან უკვე აღარ ვარ დეპუტატი და მეხება თუ არაო. ვუთხარი, რომ ეხება, რადგან ამ დეკლარაციაში 2024 წლის შემოსავლები უნდა აისახოს.

ასევე, ახალი გაფრთხილება გაჩნდა დეკლარაციის შევსებისას, რომელიც აქამდე არ იყო, რომ თუ შევსებისას რაღაც შეცდომა მოგივათ, იცოდეთ, რომ ამას სერიოზული ჯარიმები მოჰყვებაო.

  • რა ითვლება შემოსავლად და რატომ არ უნდა შეეხოს ეს კანონი, ვთქვათ, ფიზიკურ პირს?

როგორც ვთქვი, იბეგრება ოჯახის წევრების შემოსავლების ჯამი და არა მხოლოდ ოჯახის ცალკე წევრის შემოსავალი. მაშინ, როცა ერთი ადამიანი ხელზე იღებს, ვთქვათ, 32 ათას ლარს, სინამდვილეში ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია, რადგან დაქირავებულ პირს დამატებით უკავდება 2% საპენსიო ფონდისათვის და 20% საშემოსავლო.

შემოსავლებში ითვლება არა მხოლოდ ხელფასები, არამედ ყველა სახის შემოსავალი, იქნება ეს გაქირავება, ჰონორარები, უცხოეთიდან გადმორიცხვები, ქონების რეალიზება, დივიდენდები და უამრავი სხვა რამ. ფულადი საჩუქარიც შემოსავალში ითვლება.

ვრცლად