ივანიშვილს პოლიტიკის საერთოდ გაუქმება უნდა ამ ქვეყანაში – თუ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებზე აკრძალვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, ეს ჩვენს დღის წესრიგს არ შეცვლის, წინააღმდეგობის სხვა გზას და მეთოდებს აუცილებლად მოვძებნით! – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც მმართველი პარტია 3 პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვას ითხოვს.
როგორც კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს „ყველანაირი ბერკეტი აქვს, რომ დანაშაულებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური გადაწყვეტილება მიიღოს“.
„ივანიშვილს პოლიტიკის საერთოდ გაუქმება უნდა ამ ქვეყანაში. უნდა, რომ პოლიტიკური პროცესი არ არსებობდეს. ამაში, თავის მხრივ, ოპოზიციის მხრიდან დაშვებულმა შეცდომებმაც შეუწყო ხელი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ივანიშვილს ახლა ყველანაირი ბერკეტი აქვს, რომ მიიღოს დანაშაულებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური გადაწყვეტილება. ამ პროცესში იმყოფება ახლა თავად. ჩვენთვის სრულად ნათელია, რომ თუ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებზე აკრძალვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, ეს ჩვენს დღის წესრიგს არ შეცვლის. შეცვლის მხოლოდ ჩვენს სამართლებრივ ფორმას, ისიც დარწმუნებული ვარ, დროებით. წინააღმდეგობის სხვა გზას და მეთოდებს აუცილებლად მოვძებნით“,- განაცხადა კუპრაძემ.
როგორც კუპრაძემ აღნიშნა, შეიძლება რეალისტური აღმოჩნდეს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მოსაზრება, რომ შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილების“ აკრძალვის ნაწილში დააკმაყოფილოს, ხოლო „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შემთხვევაში – არა.
„ბრიფინგზე პაპუაშვილმა ერთი ფრაზით ახსენა ჩვენი კოალიცია, სადაც ითქვა, რომ თურმე, ჩვენ პარლამენტს პოლიტიკური ბოიკოტი გამოვუცხადეთ, მანდატები დავთმეთ და ამის საპასუხოდ უნდა აიკრძალოს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ამ ვითარებაში, ჩვენდამი მიდგომა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სრულად გაუმართლებელია. ჩვენს საქმეს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ ვყოფთ, რადგან ერთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვაც კი, ამ ვითარებაში, უმძიმესი დარტყმაა დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და პოლიტიკურ პროცესზე. ამასთან, საერთოდ სამართლის უზენაესობაზე ჩვენს სახელმწიფოში. არ ვსაუბრობთ ეგოისტურად, თუნდაც ჩვენს უპირატესობებზე ამ საქმესთან მიმართებით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი დავაბრუნოთ და სამართლიანობა აღდგეს. თუ საკუთარ თავზე ვისაუბრეთ, არ მგონია, ამით ამას ხელი შევუწყოთ“,- განაცხადა კუპრაძემ.
კუპრაძის მოსაზრებით, არავის, მათ შორის, გიორგი გახარიას პარტიას, „თავი სამართლებელი არ აქვს“ იმაზე, თუ რატომ არ არიან „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში.
„არავის არავისთან თავი სამართლებელი არ აქვს. იმისთვის, რომ დავინახოთ, რისთვის დგამს ივანიშვილი კონკრეტულ ნაბიჯს, უნდა ვიცნობდეთ მის რუსულ, ძალადობრივ, ეშმაკურ ხასიათს და ფსიქიკას. ჩვენ გვეუბნებოდნენ, მოდი, თავი იმართლე, რატომ დაიჭირეს მამუკა და ბადრი? შემდეგ, თავი იმართლე, რატომ გამოუშვეს? და ა.შ. ივანიშვილის მიზანია, რომ აღრიოს წარმოდგენები კონკრეტულ პოლიტიკურ აქტორებთან მიმართებით. აღრიოს, შექმნას განსხვავებული განწყობები კონკრეტულ სუბიექტებთან მიმართებით. აქ შემოდის მედიის, პოლიტიკოსების, სამოქალაქო პირების, ექსპერტების ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომ განისაზღვროს თითოეული მსგავსი გადაწყვეტილებით და ე.წ ფანდით, როგორც ივანიშვილი ეძახის „ტრიუკით“, რა ჩანაფიქრი აქვს „ქართულ ოცნებას“. ამიტომაც, ერთმანეთის კრიტიკისგან თავი ბევრად უნდა შევიკავოთ. აქცენტი გავაკეთოთ ივანიშვილზე. ეს მოწოდება ეხება კონკრეტულად იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა 10 აქტივობიდან, 9 არის სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა. ერთმანეთის წინააღმდეგ ქვების სროლა, მხოლოდ და მხოლოდ, საერთო საქმეს აზიანებს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რომ შექმნილი ვითარება ოპოზიციამ „მომაკვდავი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის უნდა გამოიყენოს“, კუპრაძე „ლელოს“ მისამართით აღნიშნული პარტიის კრიტიკის კონტექსტში ამბობს, რომ „ეს პარტია უნდა ჩამოყალიბდეს, სხვა ოპოზიციურ პარტიებში მოკავშირეებს ხედავს თუ მტერს“.
„ასევე, ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, რა პოლიტიკურ სტრატეგიას ირჩევენ. მოქალაქეებს კვებავენ რაღაც არარსებული რევოლუციის ილუზიით. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტიკური სტრატეგიის შესახებ გაქვთ რამე ინფორმაცია? მე არ ვიცი, რა პოლიტიკური სტრატეგია აქვთ ამ ორ პოლიტიკურ პარტიას („ნაციონალურ მოძრაობასა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“). ერთი აღტყინებული იყო ბოიკოტით, მეორე – რევოლუციის სულისკვეთებით. არცერთი არ გამოვიდა გასაგები მიზეზების გამო. თუ ხელი უნდა ჩამოვართვათ და ვთქვათ, რომ საერთო გზას ვირჩევთ და სტრატეგიაზე ვთანხმდებით, უნდა ვიცოდეთ, რა არის თქვენი სტრატეგია. თუ ეს არ ვიცი, შეუძლებელია, არარაციონალური და ფუჭია ნებისმიერი მცდელობა, რომ სიყალბეზე დავაფუძნოთ რაიმე ტიპის ერთობა. ღირებულებითი ერთობის გარეშე, მხოლოდ იმ საკითხზე, რომ ბიძინა უნდა შევცალოთ… ამის მიღმა როგორ უნდა შევცვალოთ, რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკური პარტია ამისთვის, რა სტრატეგიას უნდა იყენებდეს წინააღმდეგობისთვის, თუ ეს არ გვეცოდინება, რა თქმა უნდა, რაიმე ერთობაზე და თანამშრომლობაზე საუბარი აზრს იქნება მოკლებული“,- განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, „სქემა [პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით], მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილს სიყვარულს აშიშვლებს ძალაუფლებისათვის“.
„ეს ეხება ხელისუფლების ცვლილების შანსების შემცირებას, ხელისუფლების ცვლილებაზე რაღაც აკრძალვის დადებას, რომ ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს და „ქართული ოცნება“ სამუდამოდ უნდა იყოს ივანიშვილის მმართველობის სახით. სქემა, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილის სიყვარულს აშიშვლებს ძალაუფლებისათვის. ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტად გავძლიერდეთ, უფრო სხვა ტიპის სტრატეგიული წინააღმდეგობები ვიპოვოთ. თავის დროზე რომ არ დაეშვა ოპოზიციას შეცდომები ბოიკოტთან მიმართებით, სრულად არარაციონალური მოლოდინი რევოლუციურ სცენართან მიმართებით და ა.შ… ამის მიღმა, რომ გამოეყენებინა, მათ შორის შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე, ბევრად სხვა მოცემულობაში ვიქნებოდით“, – განაცხადა კუპრაძემ.




