ნინო ლომჯარიას განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუგზავნა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ითხოვენ, რომ ბიუროს მიეწოდოს ინფორმაცია დაფინანსებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუგზავნა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ითხოვენ, რომ ბიუროს მიეწოდოს ინფორმაცია დაფინანსებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
როგორც ყოფილი სახალხო დამცველი აღნიშნავს, მან არ იცოდა, რომ სასამართლო აღნიშნულ საკითხს განიხილავდა.
„ჩვენთან წერილია. ანტიკორუფციული ბიუროსგან უკვე მეორედ მივიღეთ წერილი. რაჟდენ კუპრაშვილმა აქამდე უკვე მოგვწერა წერილი და მოგვთხოვა, მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რა მიმდინარე პროექტები გვქონდა, რა დაფინანსებებს ვიღებთ. ჩვენც სიმართლე ვუპასუხეთ, რომ არ გვაქვს მიმდინარე პროექტები. უკვე მრავალი თვეა, ამ კანონების მიღების შემდგომ, „საქართველოს ევროპული ორბიტა“ და მისი გუნდი სრულად მოხალისეობრივად, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ენთუზიაზმით, ყოველგვარი „მუთაქაში“ მილიონების შენახვის გარეშე აგრძელებს საქმიანობას და მოქალაქეების უფლებების დაცვას.
მათ უბრალოდ არ სჯერათ, რომ შესაძლებელია ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ადამიანების უფლებებს იცავდნენ სრულად უსასყიდლოდ.
შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი 2 წლის წინ, ღარიბაშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე ამბობდა, რომ მათ შეამოწმეს მისი დეკლარაცია და არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ იყო და ყველაფერი წესრიგში იყო. დღეს, უკვე ორი წლის თავზე, თვითონ „ქართული ოცნების“ პროკურატურა და სუს-ი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა დეკლარაციაში არ შეიტანა მილიონები. ბიუროს ვეუბნებით, რომ არ გვაქვს პროექტები, დაფინანსება შეწყვეტილია. ამ კანონების მიღების შემდგომ, შეწყვეტილია დაფინანსება. ვმუშაობთ ენთუზიაზმზე და მაინც არ ჩერდებიან. ჩვენ გვიწევს, რომ შემდგომ, ეს წერილები უბრალოდ გავასაჩივროთ, ვიაროთ სასამართლოებში, ამაში დავხარჯოთ რესურსი, რომელიც ისედაც არ გვაქვს. ძალიან შეზღუდულია და გვინდა, რომ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად მოვახმაროთ დაზარალებულ მოქალაქეებს.
ანტიკორუფციულ ბიუროს მაინც მიუმართავს სასამართლოსთვის და უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას გვიგზავნის, სადაც, რა თქმა უნდა, წერია, რომ მან ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დააკმაყოფილა. არც ვიცოდით, რომ სასამართლო ჩვენს საკითხზე მსჯელობდა. არ ჩერდებიან, ვეუბნებით, რომ არ გვაქვს ხარჯი, არ გვაქვს პროექტები და მაინც, წავიდნენ სასამართლოში. მოაცდინეს ეს პატიოსანი ხალხი, ისედაც დატვირთულები არიან. მოგვიტანეს სასამართლოს ბრძანება, რომ მაინც უნდა მივაწოდოთ ის, რაც არ გვაქვს. ასე გულითადად რომ მიდგომოდა რაჟდენ კუპრაშვილი ღარიბაშვილის დეკლარაციას, ორი წელი სიცრუეში ხომ არ ვიცხოვრებდით. გვეცოდინებოდა, რომ სახლში, „მუთაქაში“ 20 მილიონ ლარს ინახავდა. მამა თურმე მხოლოდ პენსიონერი არ ყოფილა“, – აცხადებს ლომჯარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ