25 ოქტომბერს კვლავ განახლდა გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაკავების ციკლი – განახლებადი

25 ოქტომბერს, შუადღიდან, კვლავ განახლდა რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაკავების ციკლი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვითვის დააკავეს „ფორმულას“ თანამშრომელი, გადაცემა „დროების“ ოპერატორი ნიკა პატარაია.
როგორც მისი შვილი, თიკა პატარაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, მამას დღის პირველი საათიდან ვეღარ უკავშირდებოდა. მისი ინფორმაციით, ნიკა პატარაია კრიმინალურ პოლიციას უკვე გადაყვანილი ჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
„ფორმულაში“ აცხადებენ, რომ „დილით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მან გადაიღო „ფორმულას“ ტელეწამყვანის, ქეთა ციცქიშვილის იზოლატორიდან გამოსვლის კადრები“, ხოლო ამის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა.
მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ, სავარაუდოდ გზის გადაკეტვისთვის დააკავა პარტია „ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე.
თანაპარტიელების ცნობით, ის 25 ოქტომბერს, სახლთან დააკავეს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
25 ოქტომბერს ინფორმაცია გავრცელდა კიდევ ერთი დემონსტრანტის, “დაასრულეს” წევრის, ანა ლომიძის დაკავების შესახებ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის რუსთაველზე, გზის გადაკეტვისთვისაა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
ამ დროისათვის, უკვე დაკავებულია 90-მდე ადამიანი. მათგან პირველმა ორმა, “ფორმულას” ჟურნალისტებმა, ქეთი ციცქიშვილმა და ვახო სანაიამ 25 ოქტომბერს დატოვეს წინასწარი დაკავების იზოლატორები.
სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი