ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოში პრაქტიკულად ყოველდღე იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ელჩმა ქუთაისში ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც ევროპის დღე აღინიშნება.
ელჩის თქმით, კანონებით, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იღებს, შეუძლებელია საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდეს.
„ჩვენ გავუღეთ კარი საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საქართველო თანდათანობით უნდა გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი. ამისთვის მთავარი წინაპირობაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული კანონების, წესებისა და რეგულაციების მიღებაა.
ამ ისტორიული მომენტიდან, 2023 წლის დეკემბრიდან [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან], სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ მიეღო ევროკავშირში არსებული კანონები, რომლებსაც ჩვენ Acquis communautaire-ს ვუწოდებთ, არამედ მიეღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წესებს, ევროკავშირის რეგულაციებს, ევროკავშირის პრინციპებს. სამწუხაროდ, უცხოური გავლენისა და ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, „ფარას“ კანონს, რომელიც ამერიკული კანონმდებლობის კოპირებაა, არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონებთან.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანოა, საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრია, რომელმაც თავის უახლეს, 20-ზე მეტ გვერდიან დასკვნაში ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ეს კანონები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, არამედ ისინი რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ევროპის საბჭოს წინაშე.
სამწუხარო რეალობაა, რომ წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოში მრავალი სხვადასხვა კანონი იქნა მიღებული, არა მხოლოდ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, არამედ გრანტების შესახებ შესწორებული კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონი და მრავალი სხვა კანონი. პრაქტიკულად ყოველდღე იცვლება ან შემოდის ახალი და ახალი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.
ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, გასულ ორშაბათს ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, ამ კანონებით საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ასე ღიად და პირდაპირ ვამბობ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
· ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა
· ეს დიდი გამარჯვებაა – ტიხანოვსკაია სახაროვის პრემიის ამაღლობელისა და პოჩობუტისთვის გადაცემაზე
· ევროკავშირის ელჩმა ზვიად ცეცხლაძეს ციხეში წერილი მისწერა – დაფიონი




