რა ხდებოდა ს სასამართლო პროცესზე?

, ტარელის ძე“ — ასე წარადგინა თავი ყოფილმა პრემიერმა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ვინაობა ჰკითხა.
„გასაგებია“, — უთხრა მან მოსამართლეს მას შემდეგ, რაც ეკა ბარბაქაძემ განუმარტა, რაში ედება ბრალი.
„ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერ-მინისტრს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა პარტიის თავმჯდომარის და თავდაცვისა და შს მინისტრების პოსტებსაც, ბრალდება წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს შენობაში გვერდითი შესასვლელიდან შევიდა, თუმცა, უშუალოდ დარბაზში — მთავარი კარიდან, მანდატურების კორდონის გავლით. სხდომა მე-12 დარბაზში ჩატარდა, სადაც ბრალდებულებისთვის შუშებიანი კაბინაა გამოყოფილი, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი არა ბრალდებულებისთვის განკუთვნილ კაბინაში, არამედ ადვოკატების გვერდით, მაგიდასთან დასვეს.
სასამართლო სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განმარტა, რომ მაშინ, როცა ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს, უკანონოდ მოიპოვებდა შემოსავლებს, მას აფორმებდა ოჯახის წევრების, მშობლების სახელზე, შემდგე კი დეკლარაციაში უთითებდა, რომ ეს ქონება მას მშობლებმა აჩუქეს.
პროკურორის თქმით, დაუსაბუთებლად მოპოვებული თანხის ნაწილი ღარიბაშვილმა უცხოურ ვალუტაში დააკონვერტირა და სახლში ინახავდა ნაღდი ფულის სახით, რომელიც პოლიციელებმა მისი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოიღეს.
ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის შეფარდება მოითხოვა და დაასაბუთა იმით, რომ ღარიბაშვილმა შეიძლება გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება, მიიმალოს ან მოწმეებზე მოახდინოს გავლენა. ნათია თათიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული საფრთხის შემცველია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის.
მისი თქმით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია არაერთი პირი, ღარიბაშვილის ახლო ნათესავები, და ეს ყველაფერი ქმნის რისკს, რომ ყოფილმა პრემიერმა მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს და სცადოს სხვა მტკიცებულებების განადგურება.
„მაღალი სანქციის შემთხვევაში, მოსალოდნელი სასჯელის შიში, ბუნებრივია, შესაძლოა გახდეს მაპროვოცირებელი, რომ ის მიიმალოს“, — ასე დაასაბუთა პროკურორმა ღარიბაშვილის მიმალვის რისკი.
მან გირაოსთან ერთად მოითხოვა დამატებითი ღონისძიებები — პასპორტის ჩამორთმევა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა.
პროკურორმა თქვა, რომ გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ბრალდებულს ჰქონდეს ამ გირაოს გადახდის შესაძლებლობა. პარალელურად, ეს უნდა იყოს ის თანხა, რომელიც იქნება ზემოთ ჩამოთვლილი რისკების შემაკავებელი ფაქტორი.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები — ლილიკო გელაშვილი, ამირან გიგუაშვილი, მიხეილ შაყულაშვილი — სრულად დაეთანხმნენ პროკურორს და მოსამართლეს მიმართეს, რომ დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბრალდების მიმართვა.
ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ საქმე ეხება არა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, არამედ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. ადვოკატმა თქვა, რომ „უაღრესად დადებითაც“ ხასიათდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ბევრი კარგი საქმე გააკეთა — იაფი წამლიდან დაწყებული მშვიდობის მოტანით დამთავრებული.
ადვოკატმა ლილიკო გელაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროკურორის მიერ გახმიანებულ რისკზე, რომ ღარიბაშვილი შესაძლოა დაემალოს მართლმსაჯულებას. მან თქვა, რომ ამის შანსი ნულის ტოლია.
„ვეთანხმები, რა თქმა უნდა“, — უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ, რაც მან ჰკითხა, ეთანხმება თუ არა პროკურორისა და ადვოკატების მიერ გახმიანებულ პოზიციებს.
კითხვაზე, უნდა თუ არა, დამატებით რამე თქვას, ღარიბაშვილმა განაცხადა: „არაფერი“. ღარიბაშვილს პრეტენზია არ ჰქონია მისი უფლებების დარღვევაზე.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ირაკლი ღარიბაშვილს შეუფარდა 1 მილიონი ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო, რომლის გადასახდელადაც 30-დღიანი ვადა აქვს. ექსპრემიერს ასევე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 2025 წლის 16 დეკემბერს, 14:00 საათზე დაინიშნა.

გარეკანის ფოტო: მარიამ ნიკურაძე