საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისთვის წაუყენა ბრალი 48 წლის თამარ ლორთქიფანიძეს. ის 22 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ. შსს აცხადებდა, რომ თამარ ლორთქიფანიძე „არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას“.
პოლიციის თანახმად, თამარ ლორთქიფანიძე დააკავეს ხულიგნობის ბრალდებით, სსკ-ის 239-ე მუხლით.
პროკურატურის მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ “გამოძიების თანახმად 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო”.
“ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია”.
ახლა თამარ ლორთქიფანიძეს ბრალდებად ედება:
· ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
· პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
· ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იურისტების შეფასებით, თამარ ლორთქიფანიძის საქციელი შესაძლოა პოლიციის დაუმორჩილებლობად ჩათვლილიყო და არა სისხლის სამართლის დანაშაულად.
2016 წელს პროექტ “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე, გარემოსდამცველ აქტივისტს, ნატა ფერაძეს, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლის გამო 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.
ფორუმი
