დააკავეს “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა

სავარაუდოდ, რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით დააკავეს ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. მისი კოლეგებისთვის უცნობია დაკავების ზუსტი მიზეზი, არკვევენ მის ადგილსამყოფელსაც.
“პუბლიკის” ფოტოჟურნალისტის, მინდია გაბაძის ინფორმაციით, ბასტი მგალობლიშვილი თავის სახლთან დააკავეს 24 ოქტომბერს.
როგორ მინდია გაბაძე სოციალურ ქსელში წერს, “ბასტი მგალობლიშვილი არ იღებდა აქციაში მონაწილეობას. ის ჩემთან ერთად აშუქებდა რუსთაველზე მიმდინარე პროცესს. შეგიძლიათ ნახოთ მისი მასალები გასულ დღეებში – ფოტოები და ვიდეოები. ეს ამბავი ასე არ უნდა დარჩეს!”
24 ოქტომბერს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და გამზირის გადაკეტვის გამო.
გასულ კვირაში სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარებისთვის;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის;
· გზის გადაკეტვისთვის.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი