არავის წინააღმდეგ მას არ მიუცია ჩვენება. თანამშრომლობა არ ნიშნავს აუცილებლად ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გირაოს გადახდის ფორმა მსჯელობის შემდეგ გადაწყდება.
„ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. არავის წინააღმდეგ მას არ მიუცია ჩვენება. თანამშრომლობა არ ნიშნავს აუცილებლად ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.
რაც შეეხება იმას, როგორ გადავიხდით გირაოს თანხას, 30-დღიანი ვადა გვაქვს და ვიმსჯელებთ, როგორ მოხდება გირაოს უზრუნველყოფა. სავარაუდოდ, რაციონალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე ვერ გიპასუხებთ, რას აპირებს ბრალდების მხარე, ეს ბრალდების მხარეს უნდა კითხოთ. დაცვის მხარე ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან კანონის ფარგლებში და მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც კლიენტის საუკეთესო ინტერესებია“,-განაცხადა გიგუაშვილმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი ბრალს იმ ნაწილში ეთანხმება, რაც მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებას უკავშირდება.
„ბრალდებასთან დაკავშირებით განვმარტეთ დაცვის მხარემ და ეს სასამართლო პროცესზეც გავაჟღერეთ, რომ ბატონი ირაკლი ცნობს თავს დამნაშავედ, ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებას, რაც ებმის იმ პერიოდს, როდესაც ის კერძო სექტორში ბიზნესში იყო დაკავებული და შემდგომ პერიოდს, როდესაც ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




