ადვოკატის თანახმად, ღარიბაშვილს პოლიტიკაში მობრუნება არ სურდა

ადვოკატ ლილი გელაშვილის განცხადებით, ექს-პრემიერ ს სახლიდან ამოღებული 6,5 მილიონი დოლარი 2016 წლიდან დღემდე, საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხებია.
ბიზნესში ღარიბაშვილი პირველი პრემიერობის ვადის შემდეგ წავიდა და ადვოკატის მტკიცებით, საკუთარი ინიციატივის გარეშე მოუწია პოლიტიკაში დაბრუნება.
გელაშვილის თქმით, ირიბი ბრალდებები, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის თანხები მიიტაცა ან ვინმეს უღალატა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„2016 წლის შემდეგ, როდესაც ის იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, დატოვა თანამდებობა, ის წავიდა კერძო ბიზნესში. კერძო ბიზნესში რა თქმა უნდა ჰქონდა თავისი შემოსავალი. ამ პერიოდში ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ჰქონდა მას ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები. კერძო ბიზნესის წარმოების დროს, როდესაც მეორედ მოხდა ს მობრუნება პოლიტიკაში… და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და რა პირობებში მოხდა ეს ყველაფერი. მას ეს არ სურდა, ეს არ იყო მისი მიზანი, მაგრამ მოხდა. არ აიძულეს, მაგრამ მოხდა… მისი ნების გარეშე ვერავინ ვერაფერს აიძულებდა, მაგრამ ერთია ნება და მეორეა, როცა თვითონ დააყენებ ამ საკითხს… გამოძიება იმას ედავება, რომ მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო გარკვეული თანხა, ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნესის წარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები, აი ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება“, — განუცხადა ჟურნალისტებს გელაშვილმა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნესი ძირითადად იყო ღვინის ინდუსტრია. ადვოკატმა თავდაპირველად ახსენა, „ღვინის ქარხნები“, შემდეგ კი დააკონკრეტა, რომ საუბარია ერთ ქარხანაზე, რომლის ხელმძღვანელიც ყოფილი პრემიერის მამა, ტარიელ ღარიბაშვილია.
ლილი გელაშვილის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება ბრალის ფორმულირებას და იმას, რომ დეკლარაციაში არასწორი ინფორმაცია შეჰქონდა.
„ეს [აღიარება] არის სწორედ თანამშრომლობა და აქ არ მოიაზრება ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა“, — დასძინა გელაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, ჩამოართვა პასპორტი და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.