ეს არის ილუზორული, სანახაობითი ჩვენება, რომ თითქოს „ოცნება“ კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკომპრომისოა – „ოცნებისთვის“ პრობლემა არის არა ის, რომ ხალხის კუთვნილი ფულია მოპარული, არამედ პრობლემაა ის, რომ შესაბამისი ოდენობა შავ სალაროში არ არის შეტანილი და სახლშია წაღებული, – ასე ხსნის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ზაზა თავაძე.
როგორც თავაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა დღის ნიუსრუმში განაცხადა, თანხები, რომლის თაობაზეც “ოცნება“ ახლა საუბრობს, მხოლოდ აისბერგის წვერია.
“ეს არის კორუფციის წინააღმდეგ მოჩვენებითი, ილუზორული ბრძოლა. საუბარია 7 500 000 დოლარზე, რაც აისბერგის წვერია – სინამდვილეში, გაცილებით მეტ მილიონზეა და გაცილებით დიდ თანხაზეა საუბარი.
ამ დროს ვხედავთ, რომ ადამიანებს ასეთ აღკვეთ ღონისძიებას უფარდებენ, რაც ადეკვატური არ არის. ეს ის „ოცნებაა“, რომელმაც ჟურნალისტებს თავპირი დაამტვრია და ყოველდღიურად ადამიანების ციხეში სვამს.
ჩვენს მიერ ხსენებული იყო 25 კორუმპირებული ოჯახი, რომელიც ახალი სქემების მიხედვით, შეიძლება 125 გახდეს. ამ ადამიანების დაკავების ერთადერთი მოტივი კი არის ის, რომ მოპარული ფული უკან მოიტანონ და ახალი სქემის ავტორებს გადასცენ, რომლებიც ახლა ყალიბდებიან და იბადებიან.
მთელი მორალი ეს არის! ეს არის „ოცნების“ წიაღში არსებულ კლანებს შორის დაპირისპირება. ამის ერთ-ერთი მტკიცებულება რიჟვაძის საქმე იყო, როდესაც სისხლიც კი დაიღვარა და ჯერ კიდევ გაურკვეველია ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა თუ სხვისი გასროლის საფუძველზე დაღვრილი სისხლი. ეს იმას ემსახურებოდა, რომ რიჟვაძე 25 კორუმპირებულ ოჯახთა შორის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო, „ოცნების“ დამფუძნებლის აზრით მას მისი კუთვნილი ფული ჰქონდა მოპარული და უკან უნდა მიეტანა. მისთვის კუთვნილი ფული კი ორად იყოფა – ერთია, რომლითაც შავი სალარო ივსება და მეორე – ფული, რომელიც მაღალჩინოსნებს სახლში აღმოუჩინეს.
ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის აისბერგის წვერი და სანახაობითი ჩვენება, რომ თითქოს „ოცნება“ კორუფციას ებრძვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკომპრომისოა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამასაც ბოლომდე ვერ აკეთებენ.
„ოცნებისთვის“ პრობლემა არ არის, რომ ხალხის კუთვნილი ფულია მოპარული, არამედ პრობლემაა ის, რომ შესაბამისი ოდენობა შავ სალაროში არ შეიტანა და სახლში წაიღო.
ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ოცნება“ დგას კორუფციულ ფულზე, ტყუილებზე და დიდწილად აქვს საკადრო კრახი. „ოცნებას“ მოუწია აღიარება, რომ ის დგას კორუფციაზე!
კორუფციაში ჩართვა და ხალხის კუთვნილი ფულის მოპარვა არის ეროვნული დონის ღალატი, როცა 700 ათასი ადამიანი არის სოციალურად შეჭირვებული და ამ დროს მილიონებს იპარავ და სახლში მიგაქვს“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.




