საჯარო შესყიდვების სფერო, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, მუდამ იყო განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანი. 26 წლიანი ევროპული ინტეგრაციის ისტორიის მანძილზე (1999 წლიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პირველი შეთანხმება „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“, 2004 წლიდან, – რაც საქართველო გახდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ბენეფიციარი, 2009 წლიდან, – რაც საქართველო გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი და 2014 წლიდან, რაც საქართველომ დადო ასოცირების შეთანხმება) საჯარო შესყიდვების სფეროში, ევროკავშირს არაერთი რეკომენდაცია გაუცია.
2022 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანია შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერებში. 2023 წელს, მიღებულ იქნა ახალი საქართველოს კანონი „საჯარო შესყიდვების შესახებ“.
ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გახსნილად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ევროპულ კომპანიებს ყოველთვის არ ეძლევათ თანაბარი წვდომა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებული საჯარო შესყიდვების ბაზრებზე. მრავალი ქვეყანა ერიდება საკუთარი საჯარო შესყიდვების ბაზრის გახსნას საერთაშორისო კონკურენციისთვის, რაც ქმნის არათანაბარ პირობებს ევროკავშირის კომპანიებისთვის და ზღუდავს მათ ბიზნესშესაძლებლობებს აღნიშნულ ბაზრებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ დანერგა პროტექციონისტული ზომები, რომლებიც საჯარო შესყიდვების ხელშეკრულებებს ეხება და უარყოფით გავლენას ახდენს ევროკავშირის კომპანიებზე. აღნიშნული პოლიტიკა გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში:
· ბრაზილია
· ჩინეთი
· ინდოეთი
· ინდონეზია
· რუსეთი
· თურქეთი
· შეერთებულიშტატები
სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში, ევროკავშირი და მისი სავაჭრო პარტნიორები ერთმანეთს აძლევენ წვდომას გარკვეული საჯარო უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების კატეგორიების ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზრების უფრო გახსნასა და დაბალანსებას. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის კომპანიებს შეუძლიათ უფრო მარტივად იმოქმედონ საერთაშორისო საჯარო შესყიდვების ბაზარზე, რაც ხელს უწყობს მათი ბიზნესის ზრდას და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული წესები უკვე ინტეგრირებულია ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებში (FTA) შემდეგ ქვეყნებთან:
· ანდების თანამეგობრობა
· სომხეთი
· კანადა
· ცენტრალური ამერიკის ქვეყნები
· ჩილე
· საქართველო
· ერაყი
· ყაზახეთი
· ყირგიზეთი
· მერკოსურის ქვეყნები
· მექსიკა
· მოლდოვა
· სინგაპური
· სამხრეთ კორეა
· შვეიცარია
· უკრაინა
· ვიეტნამი
მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, ავსტრალიასთან, ინდონეზიასთან, ახალ ზელანდიასთან, ტუნისიასთან, უზბეკეთთან.
საჯარო შესყიდვების სფერო დაკავშირებულია საბიუჯეტო ფულადი სახსრების ხარჯვასთან. ამდენად, მონიტორინგსა და შემოწმებას ექვემდებარება კანონის შესაბამისად ხარჯვა, ეფექტიანობა, რაციონალურობა, პროცესის გამჭვირვალობა.
დღეს, საჯარო შესყიდვები წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრების ფუნდამენტური კრიტერიუმების ნაწილს (I კლასტერის მე-5 თავი). ევროკომისია ყოველწლიურად სწავლობს გაფართოების (კანდიდატ) ქვეყნებში არსებულ ვითარებას. 2024 წლის ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულია შემდეგი:
საქართველოს აქვს გარკვეული მომზადების დონე. სანგარიშო წელს დაფიქსირდა გარკვეული პროგრესი, განსაკუთრებით საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონის აღსასრულებლად ნორმატიული აქტების მიღებისა და მწვანე შესყიდვებზე სახელმძღვანელოების დამტკიცების შედეგად. ევროკომისიის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა და კვლავ ძალაში რჩება. მომდევნო წელს საქართველომ, განსაკუთრებით:
· კიდევ უფრო უნდა დაუახლოვოს თავისი სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირის საჯარო შესყიდვების სამართალს, მათ შორის კომუნალური მომსახურებებისა და კონცესიების მიმართულებით;
· უნდა დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში შესყიდვებთან დაკავშირებულ ევროკავშირის დირექტივას;
· უნდა გააძლიეროს დავების გადაჭრის საბჭოს ინსტიტუციური და ფუნქციური შესაძლებლობები მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
ინსტიტუციური ჩარჩო საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას. ევროკავშირის ის დირექტივები, რომლებიც ეხება წყლის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და საფოსტო სექტორებში შესყიდვებს, აგრეთვე კონცესიების მინიჭების წესებს, ჯერ არ არის სრულად დაახლოებული. საქართველოს ახალი კანონი შეიცავს რიგ მუხლებს, რომლებიც უზრუნველყოფს შესყიდვების დავების გადაჭრის საბჭოს დამოუკიდებლობის გარანტიას. საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია, მისი წევრები ინიშნება საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩევის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ.
საჩივრის შეტანის უფლებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის სამართალს. ელექტრონული შესყიდვების სისტემა საშუალებას იძლევა, რომ დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულად მიმართოს დავების გადაჭრის საბჭოს. 2023 წელს საბჭომ განიხილა 1 006 საჩივარი, რაც 2022 წლის 862 შემთხვევაზე მეტია. საჩივრების 63% ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყდა. 18 შემთხვევაში საბჭოს გადაწყვეტილებები გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელთაგან ერთ შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება საბჭოს სასარგებლოდ მიიღო.
გაფართოების ქვეყნებში, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე შემდეგი შედეგებია:
· საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვთ მომზადების გარკვეული დონე;
· ალბანეთს, სერბეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას აქვთ ზომიერი მომზადების დონე.
· თურქეთს აქვს ზომიერი მომზადების დონე ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მნიშვნელოვანი ხარვეზებით.
· მონტენეგრო იმყოფება მომზადების ზომიერ და კარგ დონეებს შორის.
გამოყენებული წყაროები:
· https://enlargement.ec.europa.eu/news/commission-adopts-2024-enlargement-package-2024-10-30_en
· https://matsne.gov.ge/document/view/5714621?publication=10
· https://policy.trade.ec.europa.eu/help-exporters-and-importers/accessing-markets/public-procurement_en
· https://www.companyregistration.ge/georgian-companies-eu-tenders#:~:text=2022%20by%20the%20EU%20Georgia,without%20restriction%20for%20EU%20companies.
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/
