ივანიშვილის სურვილია, ჩაკეტილი ციხე-სიმაგრე შექმნას, სადაც ყველა მას საფლავში ჩაჰყვება – ზუსტად ისე, როცა ფარაონი მოკვდებოდა და თან ჩააყოლებდნენ საყვარელ ძაღლს, ცხენს, კატას და ზოგიერთ ტომში, ოჯახის წევრებსაც კი! მას ასეთი მიდგომა აქვს – ვინც მე შეგქმენით, ვისაც ფული გაშოვნინეთ და ბიუჯეტი გაძარცვინეთ, ჩემი მონები უნდა იყოთ და ჩემთან ერთად იბრძოლოთ – დამასანქცირებენ? – დაგასანქცირონ! მომკლავენ? – მოგკლან! – ასე ხსნის პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს.
გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილი ღარიბაშვილს ამცირებს, მორალურად ანადგურებს, „ოქროს ძეწკვებისა და ჯაჭვების ხარბად გამოჰყავს“.
ამასთან, როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ივანიშვილის ლოგიკით ქვეყანას ბოლო 13 წლის განმავლობაში, კორუმპირებულები და მოღალატეები მართავდნენ.
„მთავარი კითხვაა, რატომ მოინდომა ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილის მორალური განადგურება და საჯაროდ დამცირება? რას ნიშნავს ორი გავლენიანი პირის ირაკლი ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ ამ პროცესიის დაწყება?
ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენით, მან 20 წლის ბიჭი მოიყვანა და რაც კი რაიმე ქონება შექმნა, არის მის მიერ გადახდილი ფულით ან იმ უფლებებით, რაც ღარიბაშვილს ორჯერ პრემიერ-მინისტრობის დროს მიანიჭა. ივანიშვილის მიდგომა არის ასეთი: – მე შენ შეგქმენი, ღატაკი ბიჭი მოგიყვანე, დიდი ქონება დააგროვე, სახლში მილიონები გქონია და ახლა გინდა მე გამეცალო? ივანიშვილის ქმედებაში ორი რამ იკითხება. ეს არის პერსონალური, პირადი შურისძიება, პირადი განცდებისა და შიშების საკითხი – „ვაი თუ ვიღაცამ აშშ-სთან ითანამშრომლოს“. ეს განსაკუთრებით გრიგოლ ლილუაშვილს ეხება, რომელსაც ივანიშვილზე უზარმაზარი ინფორმაცია აქვს. მეორე მიზეზი არაპერსონალურია – როდესაც ავტორიტარული რეჟიმი ყალიბდება, ის ნაბიჯები, რასაც ახლა დგამენ, მსოფლიოში ყველამ გაიარა. ყველა ავტორიტარული რეჟიმი ასე იქცევა – უნდა შეიქმნას საერთაშორისო საფრთხის სინდრომი, აგენტების მოდელი, შეირჩეს საგარეო მტერი, საგარეო აგენტები, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში უნდა იყოს და ყველა ერთმმართველ ბელადს უნდა მტრობდეს. სამი წელია ამას ივანიშვილი მეთოდურად აკეთებს. მეორეა, მოღალატეები – აგენტები, „დიფ სტეიტი“ და ხალხის მტრები!
13 წლის განმავლობაში ერთი კორუმპირებული პირი არ დაუკავებიათ და კორუფცია ივანიშვილს ახლა გაახსენდა?
მიზანია შიდა ტერორი, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს – შიდა ძალაუფლების კონსოლიდაცია, ხატის შექმნა, რომ ბელადს ყველა ებრძვის და მტრები შიგნითაც ჰყოლია და კონკრეტული ადამიანის მიმართ პირადი პერსონალური შურისძიება.
როდესაც ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გაათავისუფლა, გუნდიდან არ გარიყა და პარტიის თავმჯდომარედ დანიშნა. რამდენი სიუჟეტი იყო ტელევიზიით, რომ ღარიბაშვილი ოფისში არ დადიოდა, შვილი აშშ-ში სწავლობდა. ღარიბაშვილის პოზიცია ასეთი იყო: – ბატონო ბიძინა, ფული ხომ მაშოვნინეთ, ამდენი წლის განმავლობაში ხომ გემსახურეთ, გამიშვით და შემარგეთ! მან გაქცევა მოინდომა. ივანიშვილის პოზიცია არის ასეთი – ნურას უკაცრავად, მე მასანქცირებენ, ოჯახს მისანქცირებენ, ხვალ შეიძლება დამიჭირონ, ზეგ იზოლაციაში მომაქცევენ, ამიტომ აქ უნდა იყო, ჩემს გვერდით! ჩნდება ეჭვები: – რატომ არ დაასანქცირეს ღარიბაშვილი? რატომ არ დაასანქცირეს ლილუაშვილი, როცა გომელაური „მაგნისცკის სიაშია“ შეყვანილი? ესენი ჩუმ-ჩუმად აშშ-სთან ხომ არ თანამშრომლობენ?! ხომ არ მღალატობენ?
ლილუაშვილთან მიმართებაში პირდაპირ ეს ხაზი იკვეთება. მე ამას მე კვირიკაშვილის სინდრომს ვუწოდებ. გიორგი კვირიკაშვილის ყველაზე ეფექტიანი პრემიერი-მინისტრი იყო. ანაკლიის პორტის მშენებლობა მან დაიწყო, აშშ-ში ჩავიდა, ეს ადამიანი თავისი კულტურითა და არაექსტავანგანტულობით მოეწონათ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა თავის რანჩოზე დაპატიჟა. როგორც კი ჩამოვიდა, ივანიშვილმა იმ დღიდან შეიძულა და პრემიერ-მინისტრობიდან იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბეა.
ივანიშვილი ქმნის რეჟიმს, სადაც ყველა მისი ჯარისკაცი ხდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ხალხს აჩვენა, რომ ყველა მისი პრემიერი-მინისტრი და პრეზიდენტი კორუმპირებული ან მოღალატეა.
„გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ორჯერ ირაკლი ღარიბაშვილი მოღალატე და კორუმპირებული იყვნენ. მისი ყველა პრეზიდენტი – მოღალატეა.
„ქართულმა ოცნებამ“ თავად დაამტკიცა ის, რაც ხალხმა იცის – ქვეყანაში ტოტალური ძარცვა მიდის და იპარავს ყველა! რა გინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ივანიშვილს უღირს, რომ 11 მილიონი ნაღდი ფული, ოქროს საყურეები და „ძეწკვები“ გადაიღოს და მოსახლეობას აჩვენოს – მას ურჩევია, რომ ეს ზიანი მიიღოს, ვიდრე ის ზიანი, რისი შიშებიც აქვს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.




