ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, არ შედგება.
პრეზიდენტმა ტრამპმა 22 ოქტომბერს, თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა. ტრამპის განცხადებით, პუტინთან ყოველთვის კარგი საუბრები აქვს, მაგრამ ამას არაფერი მოაქვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა მომავალში შედგება.
კრემლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში ბუდაპეშტში შეხვდებოდნენ, მანამდე კი გაიმართებოდა მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მონაწილეობით.
ამ კვირაში დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ ჯერ რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის შეხვედრის გადადებაზე, შემდეგ კი ტრამპისა და პუტინის სამიტისთვის მზადების შეჩერებაზე. 21 ოქტომბერს ტრამპმა მედიას დაუდასტურა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო.
უფრო ადრე, 19 ოქტომბერს გამოცემა The Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 16 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა ომის დასასრულებლად მოითხოვა უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის დათმობა. იმავე დღეს გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთს დონბასი დაუთმოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს უარყო. 19 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მხარეები უნდა გაჩერდნენ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ამჟამად არიან.
22 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სამ წყაროზე, მათ შორის ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასული კვირის ბოლოს რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა არაოფიციალური დოკუმენტი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ისევ მოითხოვს უკრაინის მიერ დონბასის სრულად დათმობას და არაფერს ამბობს ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვის შესაძლებლობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა არ დაადასტურა, რომ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა არაოფიციალური დოკუმენტები გაცვალეს.
უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ ტრამპის გეგმის მთავარი პუნქტი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა. უკრაინა ამას ჯერ კიდევ გაზაფხულზე დასთანხმდა.
21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არა „პრობლემის არსის მოგვარება“ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „უკრაინის უზარმაზარი ნაწილი ნეონაცისტების ხელმძღვანელობის ქვეშ დარჩება“.
ბუდაპეშტში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა წელს რიგით მეორე უნდა ყოფილიყო. აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში უმასპინძლა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა სამშვიდობო პროცესს, 22 ოქტომბერს სანქციები აამოქმედა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ რუსეთი სერიოზულად არ არის დაინტერესებული უკრაინაში ომის შეწყვეტით.
ფორუმი
