დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დაკავებულ ზურაბ კაკაბაძეს, – რომელიც საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია, – სასამართლომ “წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.
მას გამოძიება ედავება ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მისაკუთრებას.
სასამართლო სხდომაზე კაკაბაძემ აუდიტის დასკვნას „გაუგებარი“ უწოდა და მოითხოვა „კომისიის შექმნა“, „რომ ეს გაუგებრობა არ იყოს“.
„24 საათიან რეჟიმში ვიმუშავე და შევქმენი [ფედერაცია] ნულიდან… გვყავდა ლეგენდები, მაგრამ წარმატებული ფედერაცია შევქმენი. ძალიან გული მწყდება, გაუგებრობაში რომ მოვხვდი“, – IPN-ის ცნობით, თქვა კაკაბაძემ სხდომაზე.
„არასდროს დავმალულვარ, ეს თანხები ფედერაციის სასარგებლოდ იხარჯებოდა, რაღაც თანხები იყო კი, ბენზინი ხომ უნდა ჩამესხა მანქანაში“, – განაცხადა მან.
გამოძიების ვერსიით, კაკაბაძემ „ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა [ფედერაციის კუთვნილი თანხა]“.
გამოძიებას საფუძვლად დაედო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც ფედერაციის 2019-2021 წლების საქმიანობას სწავლობდა.
„2019-2021 წლებში ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნესბარათის გამოყენებით, ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გამოტანილი 451 256 ლარი გახარჯულია სალაროს ოპერაციების გვერდის ავლით, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე“, – წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
პროკურორის, ლაშა ფანჩულიძის თანახმად, კაკაბაძემ „პირადი მიზნებისთვის მოიხმარა“ ფედერაციის კუთვნილი თანხა, რომლის ნაწილიც – 350 000 დოლარის ფსონი – „აჭარისა“ და „რედისონის“ კაზინოებში დადო.
ადვოკატ შოთა მანელიძის თქმით, კაკაბაძე ორი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობდა და მისი „ასეთი ფორმით“ დაკავების საჭიროება არ იყო.
კაკაბაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი
