კომპანიებს, განსაკუთრებით შვეიცარიულ კომპანიებს, სურთ პროგნოზირებადი გარემოს ხილვა. მათ სურთ დასტური იმისა, რომ სანდო გარემოში მოუწევთ ოპერირება, რაც ასევე გულისხმობს მტკიცე ინფრასტრუქტურისა და სასამართლო სისტემის ქონას, რაც არის აბსოლუტურად საკვანძო, – ამის შესახებ შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ვინსენტ სუბილიამ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბრიუსელს კიდევ უფრო დაუახლოვდეს, რადგან ევროკავშირი არის ძალიან ძლიერი ბაზარი.
„ჩემი გამოცდილებით, ბიზნესგარემო და საკვანძო პირობები ძალიან მიმზიდველია საქართველოში და ის ფაქტი, რომ ქვეყანაში თითქმის ორჯერ გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, სწორედ ამის დასტურია. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გაკეთება ჩემი პრეროგატივა არ არის, თუმცა, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კომპანიებს, განსაკუთრებით, შვეიცარიულ კომპანიებს, სურთ პროგნოზირებადი გარემოს ხილვა. მათ სურთ დასტური იმისა, რომ სანდო გარემოში მოუწევთ ოპერირება, რაც, ასევე, გულისხმობს მტკიცე ინფრასტრუქტურისა და სასამართლო სისტემის ქონას, რაც არის აბსოლუტურად საკვანძო. ის ფაქტიც, რომ გსურთ თანხვედრაში იყოთ ევროკავშირთან და განამტკიცოთ ეს კავშირები, ასევე საკვანძოა ამ ნაწილში.
მე ვიხილე პროტესტი გუშინ პარლამენტის შენობის წინ. საბოლოოდ რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ევროკავშირი არის ძალიან ძლიერი ბაზარია, შესაბამისად, ჩემი მოსაზრებით საქართველო კიდევ უფრო ახლოს უნდა მივიდეს ბრიუსელთან და ასევე, საქართველოს სჭირდება სავაჭრო გზების დივერსიფიცირება და ამისთვის გაქვთ ძალიან სტრატეგიული პოზიცია პირდაპირ სამხრეთ კავკასიის გულში“, – განაცხადა ვინსენტ სუბილიამ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომლის შეთავაზებაც შეუძლია შვეიცარიისთვის, მათ შორის, დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„საქართველო არის ძალიან ამაღელვებელი ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის შეთავაზებაც შეუძლია, მათ შორის, შვეიცარიისთვის. შვეიცარია ყოველთვის ქმნის თავის კეთილდღეობას იმით, რომ არის ღია მსოფლიოსთვის, ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთან. გულწრფელად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ინფრასტრუქტურის განვითარების დონით და იმ საკვანძო როლით, რომელსაც საქართველო ასრულებს, როგორც გზაჯვარედინი, ევროპასა და აზიას შორის და როდესაც ინფრასტრუქტურასა და აეროპორტზე ვსაუბრობთ, მსურს ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი შემოგთავაზოთ, ჟენევა, საიდანაც მე ვარ, რომელიც არის ნომერ პირველი დიპლომატიური დედაქალაქი, ახლა პირდაპირ უკავშირდება თბილისს და მოხარული ვარ, რომ ჩვენს ბიზნესმენებს შეუძლიათ ამ შესაძლებლობის გამოყენება“, – განაცხადა შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.
