თუ დიდი ქვეყანა ხართ, მაშინ შეგიძლიათ მშვიდობით მოიტანოთ გაძლიერება, მაგრამ თუ ხართ პატარა ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს დიდი ჯარი, არ აქვს გასასვლელი ზღვაზე, რა უნდა გააკეთოთ? – სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკოსების სიბრძნე, გაიაზრო არსებული ძალა, რომელიც ყველა ქვეყანას გააჩნია – სხვა ქვეყანასთან ბრძოლა კი არა, არამედ თანამშრომლობა – ამის შესახებ რუმინელმა ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერესმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც კი იპოვეს ძალა და დასხდნენ დიალოგისთვის ერთ მაგიდასთან.
„მეორე მსოფლიო ომის შედეგ პოლიტიკოსები, სახელმწიფოს წარმომადგენლები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ბელგიიდან იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა და სიბრძნე, დამსხდარიყვნენ ერთ მაგიდასთან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ისინი ხოცავდნენ ერთმანეთს. იფიქრეს რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროპას დავუბრუნოთ მშვიდობაო. 1950 წლისთვის გერმანელმა, ფრანგმა პოლიტიკოსებმა მოახერხეს ერთად დასხდომა და შეიმუშავეს გეგმა. დღეს ამას უკვე ჩვენ ვეძახით ევროკავშირს, იმისთვის, რომ დამყარდეს მშვიდობა და მშვიდობამ მოიტანოს კეთილდღეობა. კეთილდღეობა არის მნიშვნელოვანი. ბევრი პოლიტიკოსი და სახელმწიფო თანამდებობის პირი ამბობს, რომ „მშვიდობა კარგია გაძლიერებისთვის“. კი, თუ დიდი ქვეყანა ხართ, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მშვიდობით მოიტანოთ გაძლიერება, მაგრამ თუ პატარა ქვეყანა ხართ რას აკეთებთ? თუ ხართ პატარა ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს დიდი ჯარი, არ აქვს გასასვლელი ზღვაზე, რა უნდა გააკეთოთ? – სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკოსების სიბრძნე, გაიაზრო არსებული ძალა, რომელიც ყველა ქვეყანას გააჩნია. ეს არის ურთიერთდაკავშირება და თანამშრომლობა. სხვა ქვეყანასთან ბრძოლა კი არა, არამედ თანამშრომლობა. სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა დამყარდეს. დღეს ჩვენ უკეთეს მომავალზე ვზრუნავთ. ჩვენ ახლა შესაძლებლობა მივეცით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და თავიანთი იდეები წარმოედგინათ იმის შესახებ თუ როგორ შეუძლიათ ერთმანეთთან დაკავშირება იმისთვის, რომ მიაღწიონ მშვიდობასა და კეთილდღეობას.
თუ საქართველო არის კარიბჭე ცენტრულ აზიასა და აზიას შორის, რუმინეთი არის კარიბჭე ევროკავშირსა და შენგენის ზონას შორის. თუ თქვენ ცენტრალური აზიიდან მოიტანთ რაიმე პროდუქტს, თუ რუმინეთის საბაჟოს გაივლით, მერე უკვე შენგენის ზონაა და შეგიძლიათ გახვიდეთ პირდაპირ ევროკავშირში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ, რას ვფიქრობთ. ასევე თავი მოვუყაროთ ჩვენს იდეებს და მერე უკვე როგორც წინა პანელზე აღინიშნა, ვიპოვოთ გზები არა კონკურენციისთვის, არამედ თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა კრისტიან ტერესმა.
