ლიეტუვის პრემიერი – პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს წარვუდგენ – მე შეცდომების გამო არავის ვსჯი, შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ტყუილებს ვერ ვიღებ

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს წარვუდგენ“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ ქვეყნის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ.
კითხვაზე, თუ რატომ დაკარგა თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ მისი ნდობა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ „პირველ რიგში ამის მიზეზი ტყუილი იყო“.
„პირველ რიგში, მე შეცდომების გამო არავის ვსჯი. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ მე ტყუილებს ვერ ვიღებ. მეორე, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გრძნობს თანამშრომელი გუნდის შემადგენლობაში თავს. მესამე მიზეზი სხვადასხვა დეტალებისგან შედგება. ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები ბოლო ეტაპი იყო. შეიძლება გადაწყვეტილების მიღება იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მისი მიღება გარდაუვალი იყო“, – განაცხადა ინგა რუგინიენემ.
რუგინიენეს ცნობით, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის რამდენიმე კანდიდატი განიხილა.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობას დროებით ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადისლავ კონდრატოვიჩი შეასრულებს.
შეგახსენებთ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ გასულ კვირას დოვილე შაკალიენესგან ახსნა-განმარტება მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მედიის ინფლუენსერებისთვის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ ჩატარებულ არაფორმალურ ბრიფინგთან, ასევე თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან მის სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით. რუგინიენემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო აღარ იქნება პასუხისმგებელი თავდაცვის ინდუსტრიის ზედამხედველობაზე და ამ პორტფელს ფინანსთა, ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროები უხელმძღვანელებენ. პრემიერის ამ გადაწყვეტილებას დოვილე შაკალიენემ „სიურპრიზი“ უწოდა. ორშაბათს პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა. დოვილე შაკალიენეს თქმით, პრემიერის გზავნილი იყო, რომ მის მიმართ ნდობა შეერყა.