22 ოქტომბერს, დღისით რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ ხარკოვს. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმა იყო კერძო საბავშვო ბაღის შენობაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.
მერის თანახმად, ბავშვები ევაკუირებული არიან.
ტერეხოვის ცნობითვე, ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულია 40 წლის მამაკაცი.
ხარკოვის მერი ტერეხოვი ტელეგრამ-არხით თავდაპირველად იუწყებოდა, რომ დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან, თუმცა მოგვიანებით დაწერა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
რუსეთის ჯარები უკრაინას დრონებით და რაკეტებით უტევდნენ გასული ღამის განმავლობაშიც. 22 ოქტომბრის დილის მონაცემებით, დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
