464 496 ლარის მითვისების ბრალდებით ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. პროკურატურა მას ედავება ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მისაკუთრებას.
„დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა [ფედერაციის კუთვნილი თანხა]“, – აღნიშნეს პროკურატურაში.
გამოძიებას საფუძვლად დაედო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც ფედერაციის 2019-2021 წლის საქმიანობას სწავლობდა. ამ დროს ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ზურაბ კაკაბაძე.
„2019-2021 წლებში ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნესბარათის გამოყენებით, ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გამოტანილი 451 256 ლარი გახარჯულია სალაროს ოპერაციების გვერდის ავლით, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე“, – წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის მითვისება ისჯება 7-დან 11 წლამდე პატიმრობით.
პროკურატურა დაკავებულის წინააღმდეგ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ფორუმი