ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა ჯერჯერობით გადადებულია. ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით დღეს, 21 ოქტომბერს გაავრცელა ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა.
20 ოქტომბერს რუბიომ და ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი შეხვედრა ამ კვირაში, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და მოსამზადებელი ეტაპი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშია დაგეგმილი.
CNN-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუბიოს და ლავროვს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების შესაძლებლობის მიმართ.
20 ოქტომბერს მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მოკლე ცნობა, რომ შედგა კონსტრუქციული განხილვა შესაძლო კონკრეტული ნაბიჯების რეალიზაციისთვის გამომდინარე ინტერესებიდან იმ გაგებისა, რომელიც მიღწეული იყო 16 ოქტომბერს პრეზიდენტების, პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბრისას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუბიო ლავროვს ესაუბრა, რათა განეხილათ პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის შემდგომი ნაბიჯები და სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც მოსკოვის და ვაშინგტონის თანამშრომლობის შესაძლებლობას, რომელიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი მოგვარებისკენ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად.
16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ინიციატივით ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს. ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში გეგმავს პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას. შეხვედრის დაგეგმვა კრემლმაც დაადასტურა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, პესკოვის განცხადებით, შეხვედრის ადგილად უნგრეთი შეარჩიეს, რადგან პუტინს და ტრამპს კარგი ურთიერთობა აქვთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანთან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბუდაპეშტი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი არ არის, რადგან უნგრეთის პრემიერი ხშირად ბლოკავს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ჟურნალისტებს უთხრა, რომ უსიამოვნოა, როცა ადამიანი, რომლის დაპატიმრების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს გაცემული, ევროკავშირის ქვეყანაში ჩადის.
ფორუმი
