ჩვენ ვართ ამაყი, რომ საქართველოს დროშა უკვე კანდიდატი ქვეყნის დროშაა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს – პრეზიდენტი

ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო.
„სიამაყე, სიხარული, იმედი, ეს არის ის განცდები, რომელიც მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას ვუყურებთ. ეს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს.
პირველ რიგში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის სიმბოლო იმის, რისთვისაც ძალიან დიდხანს ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემი ყოფილიყო და წარმოადგენდეს სწორედ ხვალინდელი დღის იმედს.
დროშა არის ჩვენი ერთიანობის სიმბოლო. ის, რაც საქართველო იყო და იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მინდა, რომ ეს ახალგაზრდებს ვუთხრა: ეს არ არის მხოლოდ მატერიალური სიმბოლო, დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს, მისი ღირებულებები, მისი იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლა წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ამიტომ, ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა. ამავე დროს, უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს.
ჩვენ ყველანი ვართ ძალიან ამაყი, როცა ვუყურებთ ჩვენს სპორტსმენებს უცხოეთში, როცა გამარჯვებულები უყურებენ, როგორ აღიმართება ქართული დროშა. მადლობა მათ, რომ ამ ფორმით და ამ კუთხით წარმოადგენენ საქართველოს.
ჩვენ ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ სადაც საჭირო იქნება. ყოველთვის ამ ქვეყნის სუვერენობის გარანტები იქნებიან ისინი, ამისთვის ჩვენი პატივისცემა და მადლიერება.
ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა ამდენად არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, ქვეყანასა და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია.
მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ ეს დროშა უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი.თქვენ ყველას გესმით დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას.
ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ