ბორის პისტორიუსი – გერმანიის სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი წესები რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, 18 წლის ასაკის ყველა მამაკაცისთვის სავალდებულო სამედიცინო შემოწმება სამხედრო სამსახურისათვის მათი ვარგისიანობის დასადგენად სთვის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.
„თუ ჩავატარებთ სამედიცინო შემოწმებას და შევაგროვებთ მონაცემებს სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ყველა ადამიანის შესახებ, ამას რუსეთშიც შეამჩნევენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესეც შემაკავებელი ფაქტორი იქნება!“, – განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, თუ თავდაცვის საჭიროება წარმოიქმნება, სავალდებულო სამხედრო სამსახური დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
„თუ თავდაცვის საჭიროება წარმოიქმნება – სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც ნებისმიერ ფასად გვინდა – მაშინ, კონსტიტუციის შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახური დაუყოვნებლივ ამოქმედდება. უნდა ვიცოდეთ, ვინ არის მზად სამსახურისთვის და ვინ არა“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
მისი თქმით, გერმანია 2027 წლის შუა პერიოდისთვის იქნება მზად.
„ამჟამად ჩვენ ახალ, თანამედროვე სტრუქტურებს ვქმნით. 2027 წლის შუა პერიოდისთვის მზად ვიქნებით. შემდეგ ჩვენ კვლავ შევძლებთ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბუნდესვერის გაძლიერების მიზნითმ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მოამზადა კანონპროექტი ახალი რეგულაციების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლიდან ყველა ახალგაზრდა გერმანელ მოქალაქეს გაეგზავნება კითხვარები ბუნდესვერში სამსახურის სურვილთან დაკავშირებით. კითხვარის შევსება სავალდებულო იქნება მამაკაცებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი – ქალებისთვის. შესაფერის კანდიდატებს შერჩევის პროცესში მიიწვევენ. 2027 წლის 1-ელი ივლისიდან 18 წლის ყველა მამაკაცს, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის დასადგენად, სავალდებულო სამედიცინო შემოწმებაზე გამოიძახებენ მაშინაც კი, თუ ისინი არ აპირებენ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწევრიანებას. ეს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საშუალებას მისცემს მიიღოს მონაცემები სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობასთან დაკავშირებით.