ტრამპის მიზანი სამხედრო მობილიზაციით ვენესუელაში მადუროს რეჟიმის დამხობაა – Financial Times
გამოცემა Financial Times ანალიტიკოსებსა და საკითხზე ინფორმირებულ ვენესუელელ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს მხრიდან ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს სამხედრო მობილიზაციის მიზანია, ნიკოლას მადურო და მასთან დაახლოებული პირები დაარწმუნოს, რომ ძალაუფლებაში დარჩენა უფრო ძვირად დაუჯდებათ, ვიდრე – ხელისუფლებიდან წასვლა.
FT-ს ცნობით, ახლა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი ვენესუელის მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის თანამდებობიდან წასვლის იძულებაა, ან გადადგომით, ან ხელისუფლების გადაბარებით – თუმცა, აშშ-ს მხრიდან იარსებებს მკაფიო მუქარა, რომ თუ მადურო ან მისი ახლო წრე ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდებიან, ამერიკამ შესაძლოა, მიზანმიმართულად გამოიყენოს სამხედრო ძალა მათ დასაჭერად ან მოსაკლავად.
“ტრამპის სტრატეგიას არ წარმოადგენს ხმელეთზე სამხედროების განთავსება, ეს ეხება აურაცხელი სამხედრო უპირატესობის დემონსტრირებას და ამ ძალის გამოყენებით სამხედრო მიზნების მიღწევას,” განაცხადა დისკუსიებზე ინფორმირებულმა ვენესუელელმა ოპოზიციონერმა.
აშშ-ს სტრატეგიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თეთრი სახლის სპიკერმა ანა კელიმ განაცხადა, რომ ტრამპი “მზადაა, ამერიკის ძალის ყოველი ელემენტი გამოიყენოს, რათა ჩვენს ქვეყანაში შემოდენილი ნარკოტიკები შეაჩეროს და პასუხისმგებელი პირები სამართლის წინაშე წარდგნენ”.
Financial Times-ის მიხედვით, თავდაპირველად, როდესაც აშშ-მ კარიბის ზღვაში ბოლო 30 წლის განმავლობაში სამხედრო გემებისა და ავიაგამანადგურებლების ყველაზე დიდი კონტინგენტი განალაგა, მისიის მიზანი ნარკოტრეფიკინგთან ომი იყო. რეგიონში აშშ-ს ძალების მობილიზებას მალევე მოჰყვა იერიშები მცირე ზომის ნავებზე, რომლებსაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ნარკოტიკების კონტრაბანდით იყვნენ დაკავებული, თუმცა, გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ აშშ-ს ფოკუსი შეიცვალა.
“მიზანი აშკარაა: მადურო და მისი უახლოესი თანამზრახველები უნდა წავიდნენ, ერთი ან მეორე გზით, და სწრაფად,” დაამატა საკითხზე ინფორმირებულმა ვენესუელელმა ოპოზიციონერმა.
tabula.ge
