უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებებისა და ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ტუსკმა.
შეგახსენებთ, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ევროპელ ლიდერებს დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალები გააცნო.
„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ახლა მთავარი პრიორიტეტი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი და ევროპაში ყველას გაძლიერებაა. ჩვენ პოზიციებს ვათანხმებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
