უკრაინა და საფრანგეთი სხვადასხვა სახის შეიარაღების ერთობლივად წარმოების პერსპექტივებს განიხილავენ – ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა, საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს კიევში ვიზიტის ფარგლებში.
ფრანგი მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს 13 იანვარს, საღამოს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმბოლური უწოდა ფაქტს, რომ საზღვარგარეთ თავისი პირველი ვიზიტისთვის სტეფან სეჟურნემ სწორედ უკრაინა შეარჩია.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის შეიარაღების საჭიროებები.
„მათ შორის ერთობლივი წარმოება დრონებისაც, არტილერიისაც და ანტისაჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება. ინფორმაცია მივაწოდე „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე. მადლობას ვუხდი საფრანგეთს ამ გლობალურ პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.
შეიარაღების ერთობლივად წარმოების პერსპექტივებზე ინფორმაცია გაავცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რომელმაც ფრანგ კოლეგას, კიევში, 13 იანვარს უმასპინძლა.
მინისტრ კულებას თქმით, თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საფრანგეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ თავდაცვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად – „უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში“, რათა ქვეყნებს შორის „სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს“და შესაძლებელი გახდეს „მეტი იარაღის წარმოება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, კიევში განიხილებოდა “უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის პირისპირ, რეკონსტრუქცია და ევროკავშირში გაწევრიანება”.
· 2022 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც ცნობილია როგორც “მშვიდობის ფორმულა”.
· დოკუმენტის თანახმად, მოსკოვთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ანექსირებული ყირიმის დეოკუპაციის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან ჯარების გაყვანის შემდეგ.