იურისტი ლევან ალაფიშვილის მოსაზრებით, “ქართულმა ოცნებამ” თავისი ინიციატივით, რომელიც რიგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, შეიძლება “საკმაოდ სახიფათო ტენდენციას ჩაუყაროს საფუძველი და კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინოს”, რადგან კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის.
კერძოდ კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მიიჩნევს დასაშვებად, “მოქალაქის გაწევრების უფლების ჩამორთმევასა და აკრძალვას არ უშვებს”.
ლევან ალაფიშვილმა ჩვენთან საუბარში ოცნების ინიციატივის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის 2 მთავარ ასპექტზე ისაუბრა:
ლევან ალაფიშვილი, იურისტი: პირველი — არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი იმსჯელოს კონკრეტული პარტიის წევრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმ წევრების რომლებიც არ არიან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები?
საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს და გადაწყვიტოს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შესახებ და დაადგინოს დარღვევა ამ პარტიის არჩეულ წარმომადგენელთა (პარლამენტში, საკრებულოში), უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და არა სხვა წევრების მიმართ. ამ წარმოდგენილი ინიციატივით, კონსტიტუციის განსაზღვრული ეს მკაცრი ჩარჩო წარმოდგენილია უფრო ფართოდ. მოქალაქის უფლება გაწევრიანდეს ამა თუ იმ პარტიაში არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის გადაწყვეტილების საგანი. კონსტიტუცია არ უშვებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების გაფართოებას კანონებით. კონსტიტუცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, რომელიც ჩამოთვლილია 64-ე მუხლში არის ამომწურავი. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება ახორციელებდეს სხვა უფლებამოსილებას, რომელიც ამავე კონსტიტუციითაა განსაზღვრული. პარტიაში გაწევრიანება, პარტიაში წევრობის უფლება მოქალაქისა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობის საგანი არ არის და აქ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა აშკარაა.
მოქალაქის უფლება გაწევრიანდეს ამა თუ იმ პარტიაში არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის გადაწყვეტილების საგანი.