ტატა ხვედელიანი – ჩვენ თუ შეცდომას არ დავარქმევთ შეცდომას, დანაშაულს არ დავარქმევთ დანაშაულს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს არ მივუჩენთ თავის ადგილს, ვერ გვექნება ამბიცია, რომ დავამარცხებთ რომელიმე რეჟიმს

თვითმმართველობის ს შემდეგ პროცესში ჩვენ თუ შეცდომას არ დავარქმევთ შეცდომას, დანაშაულს არ დავარქმევთ დანაშაულს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს არ მივუჩენთ თავის ადგილს, ჩვენ ვერ გვექნება იმის ამბიცია, რომ დავამარცხებთ რომელიმე რეჟიმს, მით უმეტეს „ოცნების“ რეჟიმს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მძიმე პოლიტიკური ვითარება თავის დროზე პარლამენტის ბოიკოტირების შედეგია.
„გიორგი გახარიას პარტია ყოველთვის საუბრობს იმას, რაც არის სიმართლე. ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი. თუნდაც მძიმე და ძალიან მწარე სიმართლეს ჩვენ ყოველთვის ვამბობთ. ჩვენ ვხვდებით, ხშირ შემთხვევაში, დარტყმის ობიექტები „ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების მხრიდანაც, იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს ვატყუებთ ჩვენს ამომრჩეველს. შესაბამისად, ჩვენ ვამბობდით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომ ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მივიღეთ მასში მონაწილეობა იმიტომ, რომ ეს იყო სწორი გზა. ჩვენ ახლაც ასე ვთვლით, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. თუ ეს იქნება კიდევ, ჩვენ იგივე გზას გავივლით ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეჟიმს ვებრძოლოთ გაასმაგებული ძალით. პარლამენტის ბოიკოტირება იყო შეცდომა, შემდეგ უკვე ამ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება იყო შეცდომა, იმიტომ, რომ დღეს თბილისს ჰყავს, თბილისის მოსახლეობის 20%-ის მიერ არჩეული მერი, რომელიც 4 წლის განმავლობაში განახორციელებს თავის საქმიანობას. შესაბამისად, მშვიდობიანი დამხობა, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ წამოვიდა, უკვე იყო დანაშაული, რომელმაც მოგვიტანა კიდევ უფრო დამძიმებული პოლიტიკური ვითარება და მეტი პოლიტპატიმარი“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ამასთან, გახარიას პარტიის ოპონენტების მხრიდან გაჟღერებული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, არის თუ არა სწორედ გახარიას უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი ის, რომ „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ 20-წლიანი მუხლით აპირებს სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრას, ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობის საკითხი და გიორგი გახარიას მიმართ სამართლებრივი დევნა არ შეიძლება ერთ კონტექსტში განიხილებოდეს.
„გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის შეთითხნილი ბრალდებები ჩორჩანაზე, 20 ივნისზე და კიდევ ბევრი საქმე იქნება, იმიტომ, რომ „ოცნება“ არაპროგნოზირებადი რეჟიმია და ყველა ძალით ცდილობს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძლიერი ოპონენტი დევნოს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება არის ის, რომ გიორგი გახარია ჩამოაცილოს პოლიტიკურ სივრცეს, რომ ის აღარ იყოს პოლიტიკურად აქტიური, თუმცა ეს ოცნებად რჩება „ოცნებისთვისაც“ და „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“. ანუ ეს არის ორი სრულიად განსხვავებული საკითხი, რომელსაც ჩვენ ვერანაირად ერთ კონტექსტში და ერთ სიბრტყეში ვერ განვიხილავთ. გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური ოპონენტის დევნა და პერსონალური ვენდეტა, რომელიც დაანონსებულიო იყო 2024 წლის არჩევნებამდე 4 დღით ადრე“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ