„საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის აღმოსავლეთის ბაზრებზე ექსპორტი ილუზიაა“ – გიორგი ბარნაბიშვილი (bm.ge)

საქართველოში ტექსტილი საწარმოებს კრიზისი აქვთ. ამ მიმართულებების ბიზნესების წარმომადგენლები საექსპორტო მოცულობების შემცირებას მთავარ პრობლემად ასახელებენ და ამბობენ რომ გასული წლიდან მოყოლებული შეკვეთების კლების პარალელურად უმეტეს წარმოებებში თანამშრომლები შეამცირეს ან ოპერირება შეაჩერეს.
“ადგილობრივი საფეიქრო დარგი ძირითადად ევროპაში ბაზირებულ საერთაშორისო ბრენდებს ემუშავებოდა, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო მათი მხრიდან მოთხოვნა როგორც ჩანს შენელდა”, – ამბობს BM.GE-თან ტანსაცმლის წარმოების ექსპერტი გიორგი ბარნაბიშვილი.
მისი თქმით, საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის საექსპორტოდ აღმოსავლეთის ბაზრები არ გამოდგება, რადგან ეს ქვეყნები როგორც მზა პროდუქტის ისე ნედლეულის მწარმოებლები თავად არიან.
“საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის ექსპორტი უფრო მეტად ორიენტირებული არის დასავლეთის ქვეყნებზე, იმიტომ, რომ ჩვენ ფიზიკურად აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში ან ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ტანსაცმლის ექსპორტი ილუზიაა. იმიტომ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნები არიან ძირითადი მწარმოებლები. ჩინეთი, ინდოეთი, ბანგლადეში, ვიეტნამი და თურქეთი.
ამიტომ, აღმოსავლეთში ახლა ჩვენი ტანსაცმელი ვაწარმოოთ და ექსპორტზე გავუშვათ, ეს არის წარმოუდგენელი და შესაბამისად, ტანსაცმლის ინდუსტრიის, წარმოების ინდუსტრიის, ზოგადად არსებობა საქართველოში დამოკიდებული არის დასავლურ ქვეყნებთან ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე.
შესაბამისად, უკვე მივდივართ იქამდე, რომ აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დასავლელ პარტნიორებთან ჩვენი სტაბილური სავაჭრო ურთიერთობების საკითხი. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები დასავლეთთან, არა მარტო საფეიქრო ინდუსტრიის, მიმართულებით, სხვა მიმართულებებითაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და დგება, რაც უკვე მკაფიოდ აისახა კიდეც წარმოებების ექსპორტის შემცირებებზე,”-ამბობს გიორგი ბარნაბიშვილი.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი არსებულ რეალობაში, იმისთვის, რომ საწარმოები გადარჩნენ, გიორგი ბარნაბიშვილი ამბობს, რომ ისინი ან ადგილობრივ ბაზარზე მასიურ წარმოებებზე უნდა გადავიდნენ, ან აზიური ბაზრებისთვის შუამავალი მწარმოებლების როლი მოირგონ.
“ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ ისეთი კომპანიები და საწარმოები, რომლებიც არიან, ერთის მხრივ, შემსრულებლები, დასავლელი პარტნიორების შეკვეთების. ანუ, მაგალითად, დასავლელი ბრენდი უკვეთავს აღმოსავლეთში რომელიმე ქვეყანას, პირობითად, რაღაც დიდი რაოდენობის პროდუქტს. ჩვენ შეგვიძლია მათთან კოლაბორაციით მოვახდინოთ შეკვეთების გარკვეული მოცულობის მიღება საქართველოში და საქართველოში საწარმოები იყოს ორიენტირებული ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე, როგორი ტიპის თანამშრომლობაც არ არის პირდაპირ ბრენდთან კომუნიკაცია, არამედ უფრო შუამავლის გავლით თანამშრომლობა.
რა თქმა უნდა, აქ უკვე მომსახურების ღირებულება მცირდება, ანუ ჩვენ იმ სარგებელს ვერ მივიღებთ, რა სარგებლის მიღებაც შეგვეძლო პირდაპირი კომუნიკაციის შემთხვევაში. თუმცა, აქაც დაბალია ალბათობა, რომ რომელიმე აღმოსავლური ქვეყანა, პირობითად, რაღაც შეკვეთების გადმონაწილებას დააპირებს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ურჩევნიათ თავიანთ ქვეყანაში დატოვონ ეს წარმოებები,”-ამბობს ტანსაცმლის წარმოების ექსპერტი გიორგი ბარნაბიშვილი.
bm.ge