ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ვიზიტის შემდეგ ეუთოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ელინა ვალტონენმა დააფიქსირა ეუთოს სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობისა და ისეთი შემზღუდავი კანონმდებლობის გამო, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების საქმიანობის სივრცეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დემოკრატიული მდგრადობის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებლები არიან. ისინი უსამართლობას ებრძვიან, ინოვაციებს უწყობენ ხელს და ხელისუფლებას ანგარიშვალდებულებას სთხოვენ. მათი ხმა არა მხოლოდ უნდა ისმოდეს, არამედ ისინი დაცული უნდა იყვნენ. საქართველოს მთავრობამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა უნდა შეძლოს“, — განაცხადა ვალტონენმა.
ვალტონენმა დააფიქსირა ეუთოს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ.
„გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების შეშფოთების მოსაგვარებლად, საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ყურადღება კონფლიქტის კონტექსტის მიმართ. მე ვაფასებ სამხრეთ კავკასიაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ კრისტოფ სპეტის აქტიურ ძალისხმევას ამ მხრივ“, — განაცხადა ვალტონენმა.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. რელიზში ნახსენები არაა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გაუქმებული შეხვედრის შესახებ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით, „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა”.
თბილისში ვიზიტად მყოფი ვალტონენი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და ვიდეოც გამოაქვეყნა თავის სოციალური მედიის არხზე.




